ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაუწესდეს სანქცია ივანიშვილს, კობახიძეს, გომელაურს, პაპუაშვილს, კალაძეს” – ევროპარლამენტარი ჯოზეფ ბორელს მიმართავს, დაიწყოს პროცედურები ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ

ევროპარლამენტარი ანსის პუპოლსი ჯოზეფ ბორელს მიმართავს და მოუწოდებს, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და “ოცნების” მაღალჩინოსნებს.

დეპუტატი მოუწოდებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს,  დაიწყოს პროცედურები ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, ხელისუფლების მიერ არადემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

“როდესაც ევროპარლამენტარი გავხდი, საქართველოში ჩავედი, პირადად შევხვდი რამდენიმე ოპოზიციონერს და ჩემი თვალით ვნახე იქ არსებული მდგომარეობა. სიტუაცია მართლაც კრიტიკული და დრამატულია – დემოკრატია კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანაშია საფრთხის ქვეშ და ეს ნათლად უნდა ვაღიაროთ.

24 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება, რომლის დროსაც საქართველოს საკითხის განხილვა იგეგმება. ეს არის შესაფერისი მომენტი, რათა შევახსენოთ როგორც ევროპარლამენტარებს, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ცივილიზებული და დემოკრატიული ევროპა არ შეიძლება გულგრილი დარჩეს იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველოში დაინგრეს დემოკრატიული ღირებულებები, ქვეყანა გაჰყვეს ბელორუსის გზას და გახდეს რუსეთის სატელიტი. ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ევროკავშირის აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება.

საქართველოში განვითარებული მოვლენებისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რამდენიმე ქართველი ჩინოვნიკისთვის უკვე დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, მე მოვუწოდებ ევროკავშირს, დაუწესოს სანქციები:

– პოლიტიკოსსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შელახვის, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებისა და მისი კონსტიტუციის პრინციპების შელახვის გამო, სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაში მისი მთავარი როლის გათვალისწინებით.
– პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პოლიტიკურ რეპრესიებსა და „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღებაში შეტანილი წვლილისთვის.
– შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ მუქარისა და ძალადობის ორკესტრირებაში მონაწილეობისთვის.
– პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც ხელი შეუწყო დემოკრატიული უფლებების დამცველთა მიმართ სისასტიკეს.
– თბილისის მერ კახა კალაძეს, რომელმაც ხელი შეუწყო დემოკრატიული უფლებების დამცველთა მიმართ სისასტიკეს.” ნათქვამია ევროპარლამენტარის წერილში. 

იტვირთბა....