ახალი ამბები

ვინ ემხრობა და ვინ ეწინააღმდეგება ერთიან სიას და როგორ გადაჯგუფებას ვარაუდობენ ოპოზიციონერი ლიდერები?

ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრები ყველა გემოვნების ამომრჩევლისთვის – ოპოზიცია დიდ გადაჯგუფებაზე მსჯელობს. ამ თემაზე სასაუბროდ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა საჯარო ონლაინ დებატი გამართა, რომელიც ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ იყო ორგანიზებული.

პარტიები საარჩევნო პოლიტიკურ ერთობას გააფორმებენ, თუმცა ყველა ერთად არ იქნება – ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს არჩევანი – ასეთია ლიდერების დიდი ნაწილის მოსაზრება.

ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე რამდენიმე პოლიტიკურ ცენტრში გაერთიანდებიან, თუმცა ყველა ერთად პირობას დებს, რომ მიზანი “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება იქნება და არჩევნების შემდეგ ივანიშილის გუნდს არც ერთი მათაგნი პოლიტიკურ კოალიციას არ შეუქმნის.

ერთიან სიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ლიდერებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ – ნაწილი ემხრობა ერთიანი სიით გასვლას არჩევნებზე, ნაწილი კი წინააღმდეგია, რადგან თვლიან, რომ ამომრჩევლის ხმა არ უნდა დაიკარგოს და მეტწილად ემხრობიან რამდენიმე პოლიტიკურ ცენტრად ფორმირებას.

“ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ გამარჯვების ფორმულად მისი გუნდი თვლის ისეთი ერთობის შექმნას, რომლის მეშვეობითაც არჩევნებზე წასვლის სურვილი მეტ ამომრჩეველს გაუჩნდება.

ჩვენთვის გამარჯვების ფორმულა და ხელისუფლების – რუსული რეჟიმის შეცვლის ფორმულა არის ისეთი ერთობების და სინერგიების შექმნაში, რომელიც მეტ ამომრჩეველს დააინტერესებს, რომ მივიდეს არჩევნებზე და არ გაუკეთესო განზიდვა იმ შემთხვევებში თუ ამ კონფიგურაციებში აღმოჩნდება მათთვის მიუღებელი. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ უნდა არსებობდეს რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი ოპოზიციურ ფლანგზე,“ – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

“ევროპული საქართველოსთვის” ერთიანი სია მიუღებელია, რადგან თვლიან, რომ ეს ივანიშვილის პროპაგანდისთვის “საჩუქარი” იქნება.

უდიდესი საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის ერთ ქვაბში ყველა ძალის ჩაყრა, არჩევანის შეზღუდვა მოქალაქეებისთვის, მძევლად ჩაყენება მოქალაქეებისა. ძალიან სახიფათო იქნება ყველა კვერცხის დადება იმ ძალასთან ერთად, სადაც შეუძლებელია გათვლა იმისა, ხვალ რომელ პოლიტიკურ ნაღმზე ავფეთქდებით,“ – ამბობს გიგა ბოკერია.

“ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისი გუნდი გაერთიანებების საჭიროებას ხედავს, თუმცა თვლის, რომ სწორი კონფიგურაციებით უნდა მოხდეს გადაჯგუფება.

რა არის გამარჯვების ფორმულა – ჯერჯერობით, ამგვარ ფორმულაზე მიკერძოებას გამოხატავენ ისინი, ვინც იძახის, რომ ყველა შემთხვევაში ერთიანი სია არის გამარჯვების ფორმულა და შეუძლებელია ციფრების და რაციონალური არგუმენტების გარეშე ამის მოსმენა. თუ წითელ ხაზებზეა ლაპარაკი, გახარია არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის წითელი ხაზი პოლიტიკურად და ენმ-სა და გახარიას შორის ჩვენ არჩევანზე ვერც ვიმსჯელებთ, მაგრამ ასე ხომ არ დგას საკითხი – გახარია თუ ენმ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გაერთიანებები აუცილებელია, ოღონდ აუცილებელია სწორი კონფიგურაციები და არა ზოგადად, მექანიკურად ყველას ერთ კალათაში ჩაყრა,“ – ამბობს ნიკა გვარამია.

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე თვლის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გაერთიანებებისა თუ სიის შექმნის დროს უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ მოხდება ამომრჩეველთა მაქსიმალური მობილიზება.

ისეთი სია უნდა შეიქმნას ერთიანი იქნება თუ ცალ-ცალკე, რომელიც მაქსიმალურ ადამიანს მოიყვანს არჩევნებზე და უდიდეს რიცხვს ადამიანებისას წაართმევს ოცნებას. წინა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, ცალ-ცალკე რომ გავედით კალაძის წინააღმდეგ, ჩვენ მივიღეთ 10 ათასი ხმით მეტი და რომ გაერთიანდა 5-იანის ქვეშ მელიას კოალიცია, 52 ათასით ნაკლები ხმა მიიღო ამ კოალიციამ, ასეთ რაღაცებზე უნდა ვიმსჯელოთ,“ – ამბობს ანა დოლიძე.

ერთიან სიას ემხრობა “ნაციონალური მოძრაობა”. თინა ბოკუჩავა განმარტავს მიზეზებს, რის გამოც მისი პარტია ერთიან სიას ლობირებს.

შესაძლებელია რომელიმე ამომრჩევლისთვის მიუღებელი იყოს ენმ და არ იყოს მისთვის ელექტორალური არჩევანი ენმ, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია დღეს ცვლილება, რომ გაერთიანების შემთხვევაში, ნებისმიერი რეზერვაციები, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ ადამიანს ჰქონდეს კონკრეტული პარტიის მიმართ – იქნება ეს ენმ თუ სხვა, ამ რეზერვაციების განზავება ხდება სწორედ მაშინ, როდესაც დგება ერთიანი სია,“ – ამბობს თინა ბოკუჩავა.

გაერთიანების მომხრეა ელენე ხოშტარიაც. “დროას” ლიდერი ამბობს, რომ როცა ამომრჩეველი დაინახავს ერთად მდგომ ოპოზიციას, ეს “უკვე განცდას შექმნის გამარჯვების”.

შეიძლება კამათი და მსჯელობა, რომ მარტო ერთიანი, დიდი არის მოგების ძალის გამომსხივებელი, მე მგონია, რომ ყველაზე მეტად კი, იმიტომ, რომ აქ არის მესიჯი, რომ მართლა ყველაფერი გადავდეთ ამ კონკრეტული მომენტისთვის, ამ შეზღუდული მანდატისთვის, ამიტომ ძალის დემონსტრირებას და ამის ყველაზე მარტივი მაგალითია, როდესაც დაიწერება, პირველ ადგილზეა ოპოზიცია, უკვე განცდას შექმნის გამარჯვების. ყველაზე მეტი სიცხადე მომავალთან დაკავშირებით, მათ შორის ენმ-ის შიშის დაზღვევა არის ერთიან სიაში, იმიტომ, რომ ისინი დომინაციას არ აპირებენ,“ – ამბობს ელენე ხოშტარია.

ერთობის მომხრეა, თუმცა გაერთიანების წინააღმდეგია გიორგი გახარია. მისი პარტიის წარმომადგენელი ნათია მეზვრიშვილი კიდევ ერთხელ აფიქსირებს პარტიის პოზიციას, რომ ისინი არჩევნებში ცალკე იქნებიან.

ამომრჩეველი სხვადასხვაა, ჭრელია და ამ ხმების დაკარგვის რისკს ვხედავთ და ალბათ, უმჯობესია და სწორი იქნება, რომ პირველ რიგში, ერთობაზე განაცხადი გააკეთონ იმ პარტიებმა, რომლებიც დნმ-ით მარტივად რომ ვთქვათ ერთნი არიან და მათი ერთობა არ შექმნის ხმების დაკარგვის რისკს. ამიტომ არჩევნებზე მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ მივდივართ მარტო,“ – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

დიალოგისკენ მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია, რომელიც თვლის, რომ სწორედ ეს საუბრები გამოკვეთს, ვინ სად გადაჯგუფდება ოპოზიციურ ფლანგზე:

მართლა დავიწყოთ ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ქვეყანა გვინდა. ერთი წელია, ჩვენ ვიძახით იმას, რომ მოდი, დავსხდეთ, იქნებ რამე მოვიფიქროთ, ქოცების მერე როგორი ქვეყანა გვინდა, მართლა კობახიძის კონსტიტუციით ხომ არ ვიცხოვრებთ? ამიტომ მგონია, რომ პირველი, მართლა უნდა დავჯდეთ, ჩვენი რესურსები, ასე თუ ისე, განსაკუთრებით ლაპარაკის ნაწილში გავაერთიანოთ და ამ ზუმში კი არ უნდა ვწვალობდეთ… ერთიანობის პრერეკვიზიტი არის საუბარი, სადაც გაირკვევა ვის რა უნდა და ვის რა უნდა, იმის მიხედვით, ვინ ვისთან არის ახლოს, დალაგდება,“ – ამბობს იაგო ხვიჩია.

იტვირთბა....