ევროპარლამენტის არჩევნები დღეს, 9 ივნისს, დასრულდება. დღის ბოლომდე ამომრჩევლები ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანაში შეძლებენ მივიდნენ არჩევნებზე, რათა აირჩიონ ევროპარლამენტის 720 დეპუტატი, რაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბლოკის პრიორიტეტებისა და პოლიტიკური მიმართულებების ფორმირებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
პროცესი ოფიციალურად ნიდერლანდებიდან დაიწყო, თუმცა ესტონელებმა ხმის მიცემა ორშაბათს დაიწყეს.
ევროკავშირის სახელმწიფოებში, საერთო ჯამში, დაახლოებით 370 მილიონი ამომრჩეველია. იმის გამო, რომ არჩევნები იმართება ეროვნულ დონეზე, პროცესი ყველგან ზუსტად ერთნაირი არაა, ხმის მიცემა ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა 1 დღეს გაგრძელდეს, ზოგან რამდენიმე. ყველამ უნდა გამოიყენოს პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემა – სადაც პარლამენტში არჩეული დეპუტატების რაოდენობა პირდაპირ კორელაციაშია იმ ხალხის პროცენტთან, ვინც მათ მისცა ხმა.
იმისთვის, რომ მუშაობა არ გართულდეს, რადგან 720 ევროპარლამენტარი თავის მხრივ ასობით სხვადასხვა შიდა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, ეროვნული მთავრობების ლიდერები ქმნიან ალიანსებს ერთმანეთთან საერთო პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე – ევროპული პოლიტიკური პარტიები.