აქტუალური თემა ახალი ამბები

საქართველო პატიმრების სიმრავლის ინდექსით ევროპაში კვლავ მე-2 ადგილზეა

საქართველო ევროპაში კვლავ მეორე ადგილზეა პატიმრების რაოდენობით 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით.

ევროპის საბჭოს ბოლო ანგარიშით, რომელიც ევროპის ქვეყნებში ციხის პოპულაციას მიმოიხილავს, მოსახლეობის რაოდენობაზე გაანგარიშებით საქართველოზე მეტი პატიმარი, შარშანდლის მსგავსად წელსაც, მხოლოდ თურქეთს ჰყავს.

ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობას ასახავს, საქართველოში (წინასწარი პატიმრობების ჩათვლით) პატიმრების რაოდენობამ 9 568 შეადგინა. 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს მაჩვენებელი 256.1 განისაზღვრა.

100 ათას მოსახლეზე გაანგარიშების ფორმულა საჭიროა იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს შედარება მცირე და მრავალრიცხოვან ქვეყნებში არსებულ ვითარებებს შორის. პირობითად გერმანიაში რაოდენობრივად უფრო მეტი პატიმარი იქნება, ვიდრე საქართველოში, თუმცა მოსახლეობის რაოდენობა/პატიმრების რაოდენობა – ფორმულით გამოდის, რომ საქართველოში მისი მასშტაბებიდან გამომდინარე პროცენტულად უფრო მეტი ადამიანი ზის ციხეში, ვიდრე გერმანიაში.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ წინა წელთან შედარებით ამ მაჩვენებლით საქართველოში ციხის პოპულაციის მატებამ 8 პროცენტი შეადგინა. 2013-2023 წლების შედარებისას კი მატება 16.8%-ია.

ამავე კვლევის მიხედვით, ევროპის ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 124 პატიმარი იყო, მედიანურმა მაჩვენებელმა – 107 შეადგინა.

იტვირთბა....