ევროპარლამენტის არჩევნები დღეს, 6 ივნისს ოფიციალურად დაიწყო და 9 ივნისამდე გაგრძელდება. არჩევნები ნიდერლანდებიდან დაიწყო – საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:30 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.
ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ამომრჩევლები მომავალი 5 წლისთვის ევროპარლამენტის 720 კანონმდებელს აირჩევენ – ამომრჩეველთა რამოდენა ჯამში, დაახლოებით, 370 მილიონს შეადგენს.
გასულ არჩევნებზე, რომელიც 2019 წელს ჩატარდა, ამომრჩეველთა აქტივობა 50,7% იყო, თუმცა მაჩვენებელი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, ბელგიასა და ლუქსემბურგში ამომრჩეველთა აქტივობამ 90% შეადგინა, სლოვაკეთში – 22%.
ევროპარლამენტარები ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად აირჩევიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიას რაოდენობრივად ყველაზე მეტი, 96 დეპუტატი ეყოლება, კვიპროსს, ლუქსემბურგსა და მალტას კი 6-6.
ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ 2019-2024 წლის პერიოდში ევროპარლამენტში 7 პოლიტიკური ჯგუფი იყო წარმოდგენილი – მათგან ყველა უნდა შეიცავდეს მინიმუმ 23 დეპუტატს, EU-ის მინიმუმ 7 ქვეყნიდან. იოზვიაკის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ჯგუფების უმრავლესობა იგივე დარჩება, თუმცა ის არ გამორიცხავს ახალი პოლიტიკური ჯგუფების დამატებას.
რაც შეეხება წარმომადგენლობას, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი ცენტრისტულ მემარჯვენე პარტია „ევროპის სახალხო პარტიაა”, რომელსაც სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D) მოსდევს.