აქტუალური თემა ახალი ამბები

ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ადმინისტრაციული ჯარიმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს

ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ადმინისტრაციული ჯარიმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.

19-კანონპროექტისგან შემდგარ საკანონმდებლო პაკეტში ცვლილებები მათ შორის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ხორციელდება.

ორივე კოდექსს ახალი მუხლი ემატება, სახელწოდებით – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევა“.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმები 800 ლარიდან 4 000 ლარის ოდენობით.

უფრო კონკრეტულად, ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, თუ აღნიშნული რეკლამის გამავრცელებელი მის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებდა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის – მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების მიწოდება, გაზიარება ან ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, ადრეული აღზრდის, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში და დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 4 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

რაც შეეხება “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიმართ გავრცელდება. კანონპროექტი ითვალისწინებს დასჯას ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით – 3-წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით 2-წლამდე.

გარდა ამისა, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოყენება დაისჯება ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 4-წლამდე. აღნიშნული ქმედებისთვის იურიდიული პირი ჯარიმით დაისჯება.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

იტვირთბა....