აქტუალური თემა ახალი ამბები

ქალს, რომელმაც კობახიძეს მონა უწოდა ხულიგნობას ედავებიან

აქტივისტი ხათუნა ბერიძე 5 ივნისს, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს – ახალგაზრდა ქალი  ყვება, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი პრემიერისთვის “მოღალატის” დაძახების გამო ხელბორკილები დაადეს.

ხათუნა ბერიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ მისი გაჩერება და განსხვავებული ხმის ჩახშობა ვერ მოახერხა, დააპატიმრეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

“ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს, თუმცა ხულიგნობას მედავებიან” – ამბობს ბერიძე და იქვე ამატებს, რომ მისი მიზანი ოლიგარქის გუნდის წევრებისთვის დისკომფორტის შექმნა იყო.

აქტივისტი “პირველებთან” დასძენს, რომ სამართალდამცველებმა მობილური ტელეფონი წაართვეს და გადაღებული ვიდეოების წაშლა სცადეს, თუმცა ქალმა წაშლილი ვიდეოების აღდგენა მაინც მოახერხა.

მოღალატეები ისე გადაადგილდებოდნენ ჩემს ლამაზს ბათუმში, თითქოს, ქვეყანას მაგარი საქმე გაუკეთეს. ამიტომ მივედი და ვუთხარი, რომ ისინი არიან მოღალატეები, მონები. თავისუფლად ვერავინ ვერ გადაადგილდება. ყოველთვის დავხვდებით, შევუქმნით დისკომფორტს და გავაგებინებთ მთელ საზოგადოებას, რომ ისინი არიან მოღალატეები, მონები და ქვეყნის გამყიდველები. დამაკავა პოლიციამ, მედავებიან ხულიგნობას. გადამიყვანეს განყოფილებაში და ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს. ჩემი ტელეფონი რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდა პოლიციას. ვიდეოები წაშლილი დამხვდა, მაგრამ შევძელი აღდგენა, ვინაიდან ჩემს ტელეფონს აქვს ფეის კონტროლი და ვეღარ მოახერხეს წაშლილებიდან წაშლა. ყოველთვის, როდესაც დააპირებენ ბათუმში ჩამოსვლას, მაშინ უნდა დამხვრიტონ, დამაპატიმრონ წინასწარ თუ უნდათ, რომ ჩვეულებრივად გადაადგილდნენ ქალაქში”, – ამბობს ხათუნა ბერიძე.

ბათუმის ბულვარში მოსეირნე ირაკლი კობახიძეს მონა და მოღალატე ეძახეს – ამ ფორმით გამოხატა პროტესტი ახალგაზრდა ქალმა რუსული კანონის მხარდამჭერი პრემიერის წინააღმდეგ.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც კობახიძე აჭარის მთავრობის მეთაურთან ერთად რეაბილიტირებულ გმირთა ხეივანს ათვალიერებდა. ამ დროს მას ბათუმის მკვიდრი მიუახლოვდა და ის სიტყვები დაუძახა, რომლითაც ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული მოქალაქეები უკვე კვირებია “ოცნების” ლიდერებს მოიხსენიებენ.

მომხდარის შემდეგ ხათუნა ბერიძეს “ქართული ოცნების” პარტიული აქტივის წარმომადგენელი მამაკაცები დაუპირისპირდნენ, რომლებიც კობახიძეს და რიჟვაძეს ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ.

წყარო- ტელეკომპანია პირველი

იტვირთბა....