ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარათაიმსი: თამარ გუდავამ საჯარო სამსახურში მუშაობა კვლავ გააგრძელა – თავად გუდავა ინფორმაციას უარყოფს

თამარ გუდავამ საჯარო სამსახურში მუშაობა კვლავ გააგრძელა. გუდავა ამჯერად ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის პიარის სპეციალისტია, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, სადაც განმარტეს, რომ თამარ გუდავა დროებითი ხელშეკრულებით, შტატგარეშე თანამშრომელია.

გუდავა “მეტრონომის” რედაქციას დაუკავშირდა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მას საჯარო სამსახურში მუშაობა არ დაუწყია.

ინფორმაციისთვის: თამარ გუდავამ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, კულტურის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა 5 მარტს დატოვა. გადაწყვეტილებას წინ მისი შვილის, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავება უძღვოდა.

“მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე!

ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან,” – წერდა თამარ გუდავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 -ელ მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსეს.

გამოძიების თანახმად, მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ajaratimes.ge

იტვირთბა....