გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ბაბაევი დააკავეს. ბაბაევი ფლობს “რესტო-ბარს” სადაც აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს შესვლა ეკრძალებათ. კაცს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
მისი ადვოკატი და ახლობლები ფიქრობენ, რომ ბაბაევი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება.
უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებული ნაცემია, ხოლო ავტომატი და პისტოლეტი მანქანაში მას პოლიციამ ჩაუდო. ადვოკატს დაკავებულმა უთხრა, რომ ჩხრეკის დროს მას შსს-ს წარმომადგენლები ეუბნებოდნენ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
“მის დაკავებას უკავშირებს პოლიტიკური სახის აქტიურობებს, დააკავეს 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის [უკანონო] შეძენა-შენახვა-ტარებას, ჩაუდეს პისტოლეტი ერთი და ავტომატი. დამსწრე არ დაისწრეს ჩხრეკის დროს, თვითონ განათავსეს ავტომანქანაში, შემდეგ დაიწყეს გადაღება, თითქოს პირველად გაჩხრიკეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ სასტიკად, ტანსაცმელი შემოახიეს, თავზე, სახეზე აქვს დაზიანებები, მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში, გაჩერებას, დანებებას არ აპირებს, მტკიცებულება გვაქვს, რომლითაც ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ”, – ამბობს ადვოკატი.