ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აშშ მექსიკასთან საზღვარზე ზომებს გაამკაცრებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, მიმართოს ზომებს მექსიკიდან მიგრანტების რაოდენობის შესამცირებლად. დღეიდან, 5 ივნისიდან, ძალაში შედის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულება, რომელიც ზღუდავს თავშესაფრის მიცემას მექსიკიდან არალეგალურად ჩასული პირებისთვის.

4 ივნისს, თეთრ სახლში გამოსვლისას, ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის, როგორც მიგრანტების მიმღები ქვეყნის დასაცავად, პირველ ყოვლისა, საჭიროა საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეს ახლავე უნდა გაკეთდეს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომელიც თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, შემზღუდავი ზომები იმოქმედებს სამხრეთის საზღვრის გადატვირთვის შემთხვევებში, როცა მიგრანტების რაოდენობა გადააჭარბებს შესაბამისი სამსახურების შესაძლებლობებს, დროულად მიიღონ საჭირო ზომები. ასეთ დროს მათ ექნებათ მიგრანტების სწრაფად დეპორტაციის უფლება.

ოფიციალურად გამოქვეყნებულ დოკუმენტში კონკრეტული რიცხვები დასახელებული არ არის. სააგენტო Reuters-ი პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ შეზღუდვა ამოქმედდება, თუ კვირის განმავლობაში ამერიკა-მექსიკის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისთვის ყოველდღიურად დაკავებული მიგრანტების რიცხვი 2500-ს გადააჭარბებს. შემზღუდავი ზომა გაუქმდება, თუ ეს რაოდენობა 1500-ზე ნაკლები იქნება.

მექსიკიდან აშშ-ში არალეგალურად ჩასვლას ცდილობენ მიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან. 2023 წლის დეკემბერში მიგრანტების რიცხვმა სარეკორდო მაჩვენებელს – დღეში 10 000-ს მიაღწია.

CNN-ის ინფორმაციით, ბოლო დროს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად აკავებენ 4000-მდე მიგრანტს.

ამერიკელებისთვის აქტუალური ამ პრობლემის დაძლევა დემოკრატებისა და რესპუბლიკელების საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ჯო ბაიდენმა მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრება გადაწყვიტა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე. მოელიან, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია.

მიგრანტებისადმი მკაცრი პოლიტიკით ცნობილი ექს-პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენის განკარგულება რეალურად არაფერს ცვლის.

იტვირთბა....