1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ცენტრალური ღონისძიება ჩატარდება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე გაიმართება „რანინას“ კონცერტი.
დედაქალაქის მერიის ცნობით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე ასევე აღინიშნება თბილისის რამდენიმე რაიონში.