სს “საქართველოს კაპიტალის“ მიერ საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული კერძო სკოლის შპს “ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი ნათია 2019 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გადის. ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის მანძილზე “საქართველოს კაპიტალმა“ არ განახორციელა ინვესტირება სკოლის ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში.
პარტნიორობის დეტალებს რაც შეეხება, 2019 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულებით შპს “ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორი ნათია ჯანაშია და სს “საქართველოს კაპიტალი“ შეთანხმდნენ კომპანიის წილის 70%-ის ნასყიდობაზე, ხოლო სანაცვლოდ სააქციო საზოგადოებას, მხარეებს შორის 2019 წლის 6 მაისს დადებული მემორანდუმის თანახმად, ინვესტიციები უნდა ჩაედო ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში ლისზე და ოქროყანაში. ორივე კამპუსი, ჯამში, 2 600 მოსწავლეზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. აკადემიის სტანდარტებს თუ გავითვალისწინებთ, რაც ერთ მოსწავლეზე 15 კვ/მ ფართობის შიდა სივრცის მოწყობას გულისხმობს, 39 000 კვ/მ სივრცის მოწყობაში უნდა ჩაედო ინვესტორს ფული.
სააქციო საზოგადოების მხრიდან მემორანდუმისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო შპს “ბრიტანულ-ქართულმა აკადემიის“ პარტნიორმა ნათია ჯანაშიამ სასამართლოს უკვე მიმართა ხელშეკრულებიდან გასვლის შუამდგომლობით, სადაც ნათქვამია: „იმის გამო, რომ შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ (სს “საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი) მიერ არ შესრულდა 2019 წლის 6 მაისის მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორი ნათია ჯანაშია გადის 2019 წლის 30 მაისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება დააკმაყოფილა და დაადგინა: “სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შპს “ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ პარტნიორთა კრებას მიკუთვნებულ საკითხებზე პარტნიორებმა გადაწყვეტილება მიიღონ ურთიერთშეთანხმებით“.
აკადემიის წილის 70%-ის მფლობელს დღეს, 29 მაისს, სურდა პარტნიორთა კრების გამართვა, სადაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად სკოლის დამფუძნებელი პარტნიორის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება და ახალი დირექტორის დანიშვნა განიხილებოდა.
სასამართლოს განჩინების გამო პარტნიორთა კრებაზე “საქართველოს კაპიტალის“ მის მიერ ინიციირებულ ამ ან სხვა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობა აღარ მიეცა.
“სკოლის განვითარებას, ბავშვების ინტერესების დაცვასა და მათი უფლებების რეალიზებას სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ტრადიციულად მაღალ ხარისხში გავაგრძელებთ. რომ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, სკოლა მინიმუმ დაკარგავდა ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) მიერ მინიჭებულ აკრედიტაციას, რომლის საფუძველზეც სკოლა მართვის კომპონენტში სამაგალითოდ არის აღიარებული. მე, როგორც დირექტორი და როგორც დამფუძნებელი პარტნიორი, გავაგრძელებ წარმატებულ ბრძოლას იმ მიზნების მისაღწევად, რაც სკოლას აქვს დასახული. სკოლის დაფუძნების დღიდან არ დამითმია და არც მომავალში დავთმობ ჩემთვის ყველაზე ძვირფასს – მივცეთ სრულყოფილი განათლება ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას!“, – აცხადებს შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი ნათია ჯანაშია.