გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი ქალაქის ბაღებიდან რაიონის ტერიტორიაზე რეგისტირებული აღსაზრდელების გარიცხვას უახლოეს ხანებში აპირებს. ამის შესახებ ილია მეტრეველს მისმა მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა ურჩია.
განმარტებითი ბარათი, რომელიც “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა” მოიპოვა საკითხის ინიციატორად სწორედ,, ოქრუაშვილი სახელდება.
,,ეს ინიციატივა მთლად ოქრუაშვილს არ ეკუთვნის“ – გვითხრა გორის საკრებულოს წევრმა დავით რაზმაძე, რომელიც გასული წლის პერიოდს იხსენებს, როდესაც მერის მოადგილედ ნუკრი ჯოხაძე მუშაობდა.
,,ნუკრი ჯოხაძემ დეტალურად შეისწავლა ეს საკითხი. გაირკვა, რომ ქალაქის ბაღებში რაიონის ტერიტორიიდან საკმაოდ ბევრი ბავშვი დადის.“ – ამბობს დავით რაზმაძე.
გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა იმ პერიოდში ერთი ხელის მოსმით ქალაქის ბაღებიდან რაიონში რეგისტრირებული ბავშვების გარიცხვა ვერ გაბედია. მისი სურვილი იყო, რომ ამ ბავშვების შენახვის ხარჯები რაიონის გამგეობას გაეღო, თუმცა რაიონის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ამ ინიციატივაზე უარი შეუთვალა.
ამჯერად კი, ქალაქის საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ მოამზადა განკარგულების პროექტი, რომელიც 1 აპრილის სხდომაზე დასამტკიცებლად შეიტანენ. პროექტის დამტკიცების შემდეგ საბავშვო ბაღების დირექტორები გაფრთხილებას 16 აპრილამდე მიიღებენ.
საკრებულოს განათლების კომისიამ პროექტი მოიწონა.
„პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხების გამოთავისუფლება. კერძოდ, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები დაფინანსებას იღებენ თითოეული ბავშვის მიხედვით, მათ შორის არიან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახის ბავშვები, რომელთა დაფინანსების ვალდებულება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია.” – წერია განმარტებით ბარათში.
ოქრუაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროექტით ქალაქის ბიუჯეტს 415 000 ლარი დაეზოგება, რაც შესაძლებელია, რომ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ წარიმართოს.
რაიონის ბავშვები კი, რომლებიც სკოლამდელ აღზრდას ქალაქის საბავშვო ბაღებში იღებენ, დაფინანსებას 1 სექტემბრამდე მიიღებენ. შემდეგ კი მათი დაფინანსება მშობლების იურიდიული მისამართის მიხედვით მოხდება.
2015 წლის მონაცემებით, გორის საბავშვო ბაღებში რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 456 ბავშვი ირიცხება.