ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ირაკლი სესიაშვილი სასამართლოში დაკითხეს

საქალაქო სასამართლოში დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩვენება ე.წ. კაბელების საქმეზე მისცა.

სესიაშვილმა სასამართლო პროცესზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“თავდაცვის მინისტრს გავაცანი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც უწყებას სთავაზობდა ქვეყნის მასშტაბით კაბელებით დაქსელვას და თავდაცვის სამინისტროსთვის რამდენიმე წვერის უფასოდ მიწოდებას. ჩემი ინტერესი იყო, რომ ქვეყნისთვის კარგი საქმე გაკეთებულიყო და ამაში სახელმწიფოს თანხა არ გადაეხადა. ამ შემთხვევაში ჩემი როლი იყო მხოლოდ მათი გაცნობა, ჩემს კომპეტენციაში არ შედის პირის სანდოობის და საიმედოობის დადგენა. ეს არის უშუალოდ სახელმწიფო უწყებების ანუ სამინისტროს კომპეტენცია. შესაბამისად, თუ პირთან მიმართებაში გარკვეული ეჭვი არსებობდა, სამინიტროს თავად უნდა მიემართა კონტრდაზვერვისთვის და დაედგინა მისი სანდოობა და საიმედოობა,” – განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.

პროკურორის განმარტებით სესიაშვილი დაკითხულია გამოძიების პროცესში. დეპუტატი იყო უშუალო მონაწილე იმ შეხვედრის, რომელიც შედგა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას და სპეცკავშირმშენის დირექტორს ავთანდილ ჭოლოკავას შორის. ნინო აღლემაშვილის განმარტებით, სწორედ ამ შეხვედრაზე შესთავაზა ჭოლოკავამ უფასოდ ღერები, ანუ ქონება, რომელშიც სამინისტრომ შემდგომში მილიონობით ლარი გადაიხადა.

საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებიც. მათი თქმით, საკმაოდ ბევრი კითხვები არსებობს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის შეფასებით, როგორც ჩანს, დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი სპეცკავშირმშენის დირექტორს ავთანდილ ჭოლოკავას ლობირებდა.

„ბატონი ირაკლი, როგორც ჩანს ლობირებდა ამ პიროვნებას და მიაჩნდა, რომ ის საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური კადრია ნამ თვალსაზრისით. შემდეგ გაირკვა, რომ ის კაგებეს ემსახურებოდა. მემგონი გორბაჩოვის აგარაკიც აქვს დაქსელილი,“- აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებს 4 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო თანხის გაფლანგვაში ედებოდათ ბრალი. რვათვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, ბრალდებულები პირადი თავდებობის სანაცვლოდ, 19 ივნისს გაათავისუფლეს.

იტვირთბა....