არა რუსულ კანონს! – ბერნში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს საელჩოსთან აქცია გამართეს. მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ საქართველოს დროშები და ბანერები “No to russian law and government, Yes to europe” (არა რუსულ კანონსა და მთავრობას, კი ევროპას) და სხვა.
“დღეს საქართველო არის ოკუპირებული 100%-ით. დღეს საქართველოში საოკუპაციო რეჟიმის ბანდები უმოწყალოდ არბევენ ქართველ ახალგაზრდებს, ასახიჩრებენ და უსწორდებიან. მსგავსი მხოლოდ ოკუპანტისგან გვახსოვს. ნიშანდობლივია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა დაასახიჩრა და ფიზიკური ტკივილები მიაყენა ბატონო დავით ქაცარავას, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს…ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს მთავრობა რომ უსწორდება, ის არ არის საოკუპაციო? ის არ არის მტერი?..ქვეყანას გვართმევენ. ჩვენი ქვეყნის საელჩო მდებარეობს აქ, მინდა მივაწვდინო ჩვენი ხმა, საქართველო არასდროს გახდება რუსეთი. საქართველო არასდროს იქნება რუსეთის გუბერნია. თქვენ ვინც ბრძანდებით მანდ, თქვენც ქართველები ხართ, თქვენც პატრიოტები ხართ თქვენც უნდა დაიკავოთ სწორი პოზიცია, თქვენც უნდა ბრძანდებოდეთ ისტორიის სწორ მხარეს, რამეთუ ისტორია ყოველთვის გამოიტანს თავის განაჩენს და მერე თქვენს შვილებთან/შვილიშვილებთან არ შეგრცხვეთ,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.