ივლისში ნატოს ვარშავის სამიტმა და საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა შესაძლოა რუსეთსა და საქართველოს შორის კონფრონტაცია გამოიწვიოს, აცხადებს დევიდ კრამერი, მაკკეინის ინსტიტუტის უფროსი დირექტორი ადამიანის უფლებების მიმართულებით. მისი აზრით, 2008 წლის ომი სწორედ ბუქარესტის ნატოს სამიტს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბუქარესტის კომუნიკეში ალიანსმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება, მაშინ საქართველოს სამოქმედო გეგმა არ შესთავაზეს. ამ განცხადებიდან რამდენიმე თვეში კი რუსეთი საქართველოში შეიჭრა.
საქართველომ ყველას დაანახა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია. ახლა ჩვენი ჯერია საქართველოს სამაგიერო გადავუხადოთ
დევიდ კრამერი
ექსპერტს მიაჩნია, რომ ვარშავის სამიტთან ერთად, მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც გასათვალიწინებელი ფაქტორია, რადგან რუსეთმა შიდა-პოლიტიკური მდგომარეობა შეიძლება საკუთარი ინტერესების დასაწინაურებლად გამოიყენოს.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს. შეიძლება მოსკოვს საკუთარი ფავორიტი ჰყავს და თუ კრემლმა დაინახა, რომ ამ ძალას საკმარისი პროგრესი არ აქვს, რუსეთი შეიძლება ღიად, ან ფარულად ჩაერთოს პროცესებში. ასევე არის მესამე შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ადგილობრივმა ძალამ – მაგალითად, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ – რუსეთის ინტერვენციის პროვოცირება მოახდინოს.“
ამერიკის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ კონფლიქტების პრევენციის მემორანდუმში კრამერი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიის გაძლიერება რუსეთის ეკონომიკის სიჯანსაღეზეცაა დამოკიდებული. ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და ნავთობზე რეკორდულად დაბალი ფასების გამო რუსეთის ეკონომიკას დიდი ზარალი მიადგა. ეკონომიკური ფონის დამძიმებამ შესაძლოა ქვეყანაში კრემლის მიმართ უკამყოფილება გაზარდოს. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი პუტინი მოსახლეობის ყურადღების გადატანას გარე, პატრიოტულ ფაქტორზე ეცდება. საქართველო ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სამიზნე იქნება.
კრამერი საქართველოს უსაფრთხოებას ისეთ საერთაშორისო ფაქტორებსაც უკავშირებს, როგორიცაა რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში და კრემლის აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში.
ამ სიმხნევით წაქეზებულმა რუსეთმა შეიძლება იფიქროს, რომ სწრორედ ახლაა დრო სხვა მიზნებსაც მიაღწიოს და საქართველოს ნატოსთან დაახლოება კიდევ ერთხელ შეაჩეროს
დევიდ კრამერი
„უკრაინაში რუსეთს გარკვეული გამოუვალი სიტუაცია შეექმნა. პრეზიდენტმა პუტინმა არ იცოდა როგორ გამოსულიყო ამ სიტუაციიდან. ჩემი აზრით, მან სირიაში ჯარი სწორედ უკრაინის ფაქტორის გათვალისწინებით შეიყვანა,“ ამბობს კრამერი. მისი აზრით, იგივე სცენარი შეიძლება კვლავ განმეორდეს, თუ უკრანაში ან სირიაში მდგომარეობა დამძიმდა. „პუტინმა შეიძლება სცადოს ჯავრი საქართველოზე იყაროს და ამით სხვა მძიმე სიტუაციებზე რუსი ხალხის ყურადღება მოადუნოს,“ მიაჩნია ექსპერტს.
თუმცა, ვითარების ინტერპრეტაცია სხვა არგუმენტსაც აჩენს. რუსეთის ფედერაცია უკრაინაში მიღებული შედეგით კმაყოფილია. ამასთან, სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მიერ რუსეთის სამხედრო დახმარებით დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ მიტანილი წარმატებული იერიშების შედეგად პუტინი დღეს თავს გამარჯვებულად მიიჩნევს. ამასთან, რუსების უმრავლესობას მიაჩნია, რომ პუტინმა რუსეთი იმ სახელმწიფოდ აქცია, რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს. „ამ სიმხნევით წაქეზებულმა რუსეთმა შეიძლება იფიქროს, რომ სწორედ ახლაა დრო სხვა მიზნებსაც მიაღწიოს და საქართველოს ნატოსთან დაახლოება კიდევ ერთხელ შეაჩეროს,“ ამბობს კრამერი.
კონფლიქტების პრევენციის მემორანდუმში რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიის გაძლიერების მხოლოდ შესაძლებლობებია განხილული და ისინი რაიმე სახის პროგნოზს არ აკეთებს. კრამერი ამბობს, რომ მისი ნაშრომის დანიშნულება დასავლეთში პოლიტიკის შემმუშავებლებს მომდევნო თვეების განმავლობაში საქართველოსთვის მეტი ყურადღების დათმობისკენ უბიძგოს, განსაკუთრებით ვარშავის სამიტის მოლოდინში.
რუსეთი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას საკუთარი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად აღიქვამს და ეს საფრთხე სამხედრო დოქტრინაშიც კი აქვს შეტანილი. შესაბამისად, მოსკოვის მიზანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების ყველა მეთოდით ხელშეშლაა. კრამერი ამბობს, რომ „პუტინი რუსეთის ნებისმიერი მეზობლის ევროპასთან დაახლოებას სამეზობლოს პუტინისეული მოდელის წინააღმდეგ მიმართულ გამოწვევად აღიქვამს“ და ყველაფერს გააკეთებს ამ პროცესისთვის ხელის შესაშლელად.
საქართველოს დასავლეთთან დაახლოება და საბოლოო ჯამში, ევრო-სტრუქტურებში გაწევრიანება, თბილისთან ერთად დასავლეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. კრამერი ამბობს, რომ საქართველოს დიდი პროგრესი აქვს, რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა და გამორჩეულად პრო-დასავლურია. დასავლთმა ეს უნდა დაინახოს და დააფასოს.
„საქართველომ ყველას დაანახა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია. ახლა, ჩვენი ჯერია საქართველოს სამაგიერო გადავუხადოთ,“ ამბობს კრამერი. საქართველოს დასავლეთში ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებსაც ქვეყნის წარმატება სურთ. კრამერი ამბობს, რომ ნატოს ვარშავის სამიტისა და საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად რუსეთიდან მომავალი საფრთხეები იზრდება. გავლენიანი ექსპერტი ამერიკაში პოლიტიკის შემმუშავებლებს საქართველოს უსაფრთხოებისთვის მეტი ყურადღების დათმობისკენ მოუწოდებს.
წყარო: “ამერიკის ხმა”