ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე დღით გაზმომარაგება შეუწყდება. აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დღეს გაზი გაითიშება, სამი დღის განმავლობაში გადაიტანენ ცენტრალურ მილებს, ხოლო მომდევნო სამი დღის განმავლობაში – გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება. გარდა ამისა, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, მდინარის ადიდებით დაზიანებული მაგისტრალის შეკეთების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს და კომერციულ ობიექტებს 29-30 მარტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.
“აჭარის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. მაგისტრალის მშენებლობის პროცესში განხორციელდება მაღალი წნევის გაზსადენი მილების რეაბილიტაცია. პროექტიდან გამომდინარე, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალის და ბუნებრივი გაზის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 6 პუნქტზე განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, 29 მარტიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. სამუშაოები გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს “სოკარ ჯორჯია გაზი” ეტაპობრივად განახორციელებს და 3 აპრილს გაზის მიწოდება რეგიონის მასშტაბით სრულად მოხდება. მოვუწოდებთ ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები. ამასთან, კომერციული ბუნებრივი აირის მომხმარებლებმა და სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებმა ამ პერიოდისათვის საჭიროა უზრუნველყონ ალტერნატიული საწვავის მომარაგება, რომ არ შეფერხდეს მათი ფუნქციონირება”, – ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.