სამართალი

ტაქსის მძღოლები უყურებდნენ როგორ აუპატიურებდნენ ჯგუფურად, თბილისში 19 წლის გოგონას

საზარელი შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი, ცენტრალური უბნის ტერიტორიაზე მოხდა, 19 წლის გოგონა ჯგუფურად გააუპატიურეს, თუმცა, ინფორმაცია ექსკლუზიურად ახლა ვრცელდება გაზეთი „პრაიმტაიმის“ მიერ.

გაზეთის ინფორმაციით, 19 წლის სტუდენტ გოგონაზე სამმა მამაკაცმა იძალადა. მოძალადეებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. მსხვერპლთა ვინაობის და ტერიტორიის დასახელებისგან, ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, თავს ვიკავებთ, რადგან მსხვერპლი იმ უბანში ცხოვრობს, სადაც დანაშაული მოხდა. შემთხვევა სკვერში მოხდა.

„ჩვენ ქრონოლოგიურად მოგითხრობთ დანაშაულის დეტალებს. სტუდენტი გოგონა სახლში უნივერსიტეტიდან მეტროთი დაბრუნდა. შემდეგ კი სახლისკენ მიმავალ გზას ფეხით გაუყვა. სწორედ ამ დროს მას მისთვის უცნობი სამი ახალგაზრდა დაესხა თავს, რომლებმაც ძალის გამოყენებით შეიყვანეს გოგონა სკვერში, სადაც გამვლელები არ იმყოფებოდნენ. ამ გარემოებით ისარგებლეს და მოძალადეებმა გოგონა გააუპატიურეს. მსხვერპლის მონათხრობიდან ირკვევა, რომ შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველიც ჰყავდა. საუბარია ტაქსის ორ მძღოლზე, რომლებმაც მოძალადეებს ხელი არ შეუშალეს და დანაშაულებრივ ქმედებას მშვიდად, შორიდან ადევნებდნენ თვალ-ყურს”.

„პრაიმტაიმი”-ს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და სამივე დამნაშავე დაკავებულია, რომლებიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. რაც შეეხება მსხვერპლს, ის ფსიქოლოგის ზედამხედვლობის ქვეშ არის. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ გოგონა ერთ-ერთი მოძალადისაგან დაფეხმძიმდა.

ძალადობის მსხვერპლი ინტერნეტით, სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში დანაშაულს პირადად გამოეხმაურა:

„სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ვითვლიდი და პირდაპირი მნიშვნელობით ვისწავლე მიწაში სუნთქვა, რადგან მოძალადეებს არ დავეხრჩვე”.

დანაშაულში ეჭვიმტანილები მიუსაფარი ახალგაზრდები არიან, რომლებიც მოსახლეობისგან მიღებული მოწყალებით ირჩენენ თავს.

თბილისში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების ფაქტის შესახებ გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავარი პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ აწარმოებს. ამ ეტაპზე დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. გარდა ამ პროცედურისა, ძალადობის მსხვერპლი კონსულტაციებს გადის ექიმებთან.

იტვირთბა....