შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტირუსული აქციების დროს პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს. აღნიშნული პირები 8-9 მაისს დააკავეს.
განცხადება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა გააკეთა. ის ამბობს, რომ აქციის მონაწილეები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების, ასევე “გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას” და თავს ესხმოდნენ პოლიციელებს.
“აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შსს-ს თანამშრომლები და ასევე განთავსებული იყო სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები. საზოგადოებამ კარგად იხილა როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის შენობაზე განთავსებულ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებსა და მერიის საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა ნივთებს”, – ამბობს თამაზაშვილი.