aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

EPP-ის პრეზიდენტის განცხადების და ბელგიის ტერაქტის გავლენა ვიზალიბერალიზიციაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) პრეზიდენტი ჯოზეფ დაულის განცხადება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში განხილვის თემად იქცა. „ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზა-ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით,“ – აცხადებს დაული.

ნიშნავს თუ არა EPP-ის პრეზიდენტის განცხადება ვიზალიბერალიზაციის პროცესის გადადებას?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას 2016 წლის ივნისიდან შეძლებენ.

“მეტრონომთან” სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მარინე ნარჩემაშვილი ამბობს, რომ სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადებაზე უწყება კომენტარს არ აკეთებს.

რას წარმოადგენს “ევროპის სახალხო პარტია” და ნამდვილად შეუძლია თუ არა მას გავლენა იქონიოს ვიზალიბერალიზაციის, ქართველებისთვის მართლაც მნიშვნელოვან პროცესზე?

“ევროპის სახალხო პარტია” ევროპის პოლიტიკურ პარტიათა უდიდეს გაერთიანება, შეიქმნა 1976 წელს “ქრისტიან დემოკრატიული” პარტიების მიერ. დღესდღეობით იგი მოიცავს ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის, როგორც ქრისტიან-დემოკრატიულ, ასევე კონსერვატიულ, ევროპულ ფედერალისტულ და ლიბერალ კონსერვატიულ პარტიებს.

EPP ყველაზე მსხვილი ევროპული გაერთიანებაა და ფლობს უმრავლესობას ევროპარლამენტში. მასში ამჟამად გაერთიანებულია ევროპის 39 ქვეყნის 75 პარტია. მის ხელმძღვანელობაში შედიან ევროკავშირის 16 წევრი და 7 არა-წევრი ქვეყნის პარტიები, მათ შორის საქართველოდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ ეს განცხადება “ევროპის სახალხო პარტიის” წევრთა პოზიციას არ გამოხატავს.

“ჯერჯერობით ტექსტსაც კი ვერ ვპოულობთ ორიგინალს ფრანგულ ენაზე. მე მქონდა გუშინ კომუნიკაციები სახალხო პარტიის სხვა წევრებთან, რომლებიც თვლიან, რომ ეს არის სრული გაუგებრობა და ფრაქციაზე ასეთი საკითხი არც განხილულა ევროპარლამენტში“. – ამბობს კვაჭანტირაძე.

EPP-ის განცხადებას “ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” თავად მოახდინა საკუთარი ზრახვების ლუსტრაცია, თავად ვერ გაბედა ის პოლიტიკური ძრახვები რაც სურდა, რომ მავნებლობა ექნა ქვეყნისთვის, ამის გამოხატვა თავად ვერ შეძლეს, ამიტომ ეს გააჟღერებინეს EPP-ის წარმომადგენლებს. პირველ რიგში, მინდა საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ვიზალიბერალიზაციასაც მივიღებთ, ინვესტიციებიც შემოვა, სამუშაო ადგილებიც იქნება, ეს ქვეყანა განვითარდება და იმ პოლიტიკურ მავნებლებს ქართველი ხალხი არჩევნებზე პასუხს გასცემს“. – აღნიშნავს სესიაშვილი.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მოსახლეობას არწმუნებს, რომ უვიზოდ მიმოსვლას ევროპაში სწორედ იმ დროს შეძლებენ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააანონსა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ როგორც იყო გაცხადებული, ზაფხულში მივიღებთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სახალხო პარტიის სხვა წევრები ისე არ ფიქრობენ როგორც ეს არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა,“ – განაცხადა კალაძემ.

“მეტრონომთან” საუბარში “რეფორმების ასოციაციის” ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე “ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციის საკითხს ფრთხილად უნდა მიუდგეს და არ უნდა ჩათვალოს, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

“ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სახელმწიფოებმა საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც სავარაუდოდ ზაფხულში უნდა გაიმართოს. აქ მიიღებენ გადაწყვეტილებას დაუჭერენ თუ არა მხარს. მეორე მხრივ არის ევროპარლამენტი. ევროპარლამენტში უმრავლესობა აქვს ევროპის სახალხო პარტიას. ანუ გადაწყვეტილება აქვთ მისაღები ევროპარლამენტსა და სახელმწიფოებს. თქვენ თუ იმას მეკითხებით აქვთ თუ არა ევროპის სახალხო პარტიას შესაძლებლობა გადაავადოეს ეს საკითხი, პოლიტიკურად რა თქმა უნდა გააჩნიათ როგორც ევროპარლამენტს, ისევ სახელმწიფოებს. ესენი ერთნამეთისგან დამოუკიდებლები არიან თავიანთ გადაწყვეტილებებში. აქედან გამომდინარე, ერთმა ინსტიტუტმაც უნდა დაგვიჭიროს მხარი და მეორემაც. აქ მნიშვნელოვანია, რომ სახალხო პარტიამ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და მათმა ლიდერმა ამას მიაბა უვიზო მიმოსვლის საკითხი. ხელისუფლებისთვის სწორედ ეს არის საყურადღებო, მგონი ამაზე მეტი არც არაფერი უთქვამს და არც არაფერი უგულისხმია”. – აცხადებს კაპანაძე.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს სიფრთხილე მართებს და ქვეყანამ არ უნდა ჩათვალოს ისე თითქოს ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

“ქვეყნებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ ინდიკატიურად იქამდე აქვთ მითითებული, რომ ისინი მომხრეები არიან. ბევრმა პროცესმა შეიძლება შეაფერხოს, ეს შეიძლება იყოს ბელგიის ტერაქტი და ნებისმიერი სხვა რაღაც პოლიტიკური განვითარება ევროკავშირის ქვეყნების შიგნით და ამიტომ სანამ არ შევა ძალაში უვიზო მიმოსვლი საკითხი ამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ნამდვილად არაფერი არ ავალდებულებთ საქართველოსთან ჰქონდეთ უვიზო მიმოსვლა. სანამ გადაწყვეტილება მიიღებენ მანამდე შეიძლება ბევრმა რამემ შეუშალოს ხელი.” – აცხადებს კაპანაძე.

ყოფილი პერმიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “2030”-ის წევრი არჩილ გამზარდია ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადებების უკან “ნაციონალურ მოძრაობას” ხედავს და ყოფილ ხელისუფლებას დესტრუქციულ ძალას უწოდებს.

“გადაწევა შესაძლოა მართლაც მოხდეს და როცა სახელმწიფო წლების განმავლობაში ელოდა ამ პროცესს, გადაწევა შესაძლოა არ იყოს დიდი პრობლემა. რაც შეეხება კონკრეტულად ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადებას, მინდა აღვნიშნო რომ ამ პროცესზე გავლენა კონკრეტულ ლიდერებს არ აქვთ, არამედ ეს არის ძალიან ბევრი სერიოზული კვლევის შედეგი, რომელზედაც უამრავი კომისია ჩამოვიდა საქართველოში. ევროკომისიამ ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს და ჩვენ ვიცით მათ გამოყვეს კიდეც საქართველოს საკითხი უკრაინისგან. მგონია, რომ ეს ყველაფერი უფრო შიდა მოხმარებისთვის, შიდა ბაზრისთვის გააკეთა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რათა შექმნას შფოთი. წინასაარჩევნოდ დადებითი ეფექტის მატარებელი იქნება თუ ვიზალიბერალიზაციის საკითხი დროებით გადაიწევს”.

-თუმცა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მუშაობა “ნაციონალური მოძრაობის” დროს დაიწყო.

– “ეს პროცესი უფრო ადრე, შევარდნაძის დროს დაიწყო. ბუნებრივია, ეს ხანგრძლივი პროცესია. აქ უფრო მნიშვნელოვანია თითოეული ხელისუფლება რამდენად ერთგულად მისდევდა იმ ღირებულებებს, რაც ქვეყნისთვის აუცილებელი იყო უვიზო რეჟიმის მისაღებად. დღეს ყოფილი ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ საქართველომ ვერ მიიღოს უვიზო მიმოსვლა და ეს სამწუხაროდ, ძალიან სააშკარაოზე გამოიტანეს. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებას დღეს, ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები აქვს.” – აცხადებს გამზარდია.

რაც შეეხება ბელგიაში მომხდარი აფეთქებების გავლენას ამ პროცესზე, გამზარდია აცხადებს, რომ ევროპაში იციან, რომ ამ კუთხით საქართველო საფრთხეს არ წარმოადგენს.

“ბუნებრივია გამორიცხული არ არის ამ პროცესმა გარკვეული გავლენა იქონიოს, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ევროპელებმა იციან, რომ საქართველო არ შეიცავს საფრთხეებს”. – აცხადებს გამზარდია.

შევძლებთ თუ არა უვიზოდ მიმოსვლას ევროპაში ზაფხულიდან ჯერჯერობით უცნობია, სამაგიეროდ, ცნობილია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ბროშურაში მითითებული “ქცევის წესები”, რომლითაც ევროკავშირში უნდა ვიხელმძღვანელოთ.

“იუსტიციის სამინისტრომ პასპორტის გაცემისას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება დაიწყო. იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მომზადდა სპეციალური ბროშურა, სადაც უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაციებია განმარტებული, რათა საქართველოს მოქალაქეს აღნიშნულ თემაზე საჭირო ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს. იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში პასპორტის აღებისას უკლებლივ ყველა მოქალაქეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ მომზადებული ბროშურა გადაეცემა; ოპერატორებმა კი სპეციალური ტრენინგი გაიარეს, რათა აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეებს მათთვის საინტერესო ნებისმიერი ნიუანსი ადგილზე განუმარტონ.

ბროშურაში დეტალურადაა გაწერილი ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის: ჩამონათვალი ქვეყნებისა, სადაც უვიზოდ მოგზაურობაა შესაძლებელი; ვიზიტის ხანგრძლივობა და მიზანი; საჭირო დოკუმენტების ნუსხა. საინფორმაციო კამპანიის მიზანია პასპორტის მიღების დროს საქართველოს მოქალაქეების დროული ინფორმირება ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის აუცილებელი წესების შესახებ.

ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში (ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, შვედეთი).

საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება შეეძლებათ, ასევე, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანასა (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია) და შენგენის კანდიდატ ქვეყნებში (ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია).

საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ იმოგზაურებენ დიდი ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელია მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით, 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 3 თვის ვადით. მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს ტურიზმი, ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება; საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა და სხვ.

შენგენის ზონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ გაემგზავრებიან უმაღლესი განათლების მიღების, ან დასაქმების მიზნით.

მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი შეიძლება დაინტერესდეს, თუ რა არის ვიზიტორის მგზავრობის კონკრეტული მიზანი. მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს, მოითხოვოს შემდეგი საბუთები: საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები).

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. თუ პირი აღნიშნულ ვადას დაარღვევს, მას გააძევებენ კონკრეტული ქვეყნიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას 5 წლამდე ვადით აუკრძალავენ. ალტერნატივის სახით, საქართველოს მოქალაქეს შესაძლოა, დააკისრონ ჯარიმის გადახდა 3,000 ევრომდე ოდენობით”.-წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....