საზოგადოება

15 წლის გოგონას გაუპატიურება ყოფილმა თანაკლასელმა სცადა

თანაკლასელმა 15 წლის გოგონას გაუპატიურება საპირფარეშოში სცადა. ეს ინციდენტი თბილისში მოხდა,  55-ე საჯარო სკოლაში. ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, მანდატური კი დერეფანში არ იმყოფებოდა. ინფორმაციას სააგნეტო „კვირა“ ავრცელებს.

სააგენტოს გამოძიების მიხედვით, არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ფაქტი კატეგორიულად უარყო სკოლის დირექტორის მოადგილე მარიკა ქადაგიშვილმა და არასრულწლოვანის მონაყოლზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ყოფილმა თანაკლასელმა ბიჭმა გოგონას სასქესო ორგანო დაანახა.

„გაუპატიურების მცდელობა არ ყოფილა. როგორც გოგონამ თქვა, საპირფარეშოში თავისივე ყოფილი კლასელი ბიჭი შეჰყვა და სასქესო ორგანო დაანახა. მომხდარის შესახებ ჩვენი სკოლის მოსწავლემ დამრიგებელს მეორე დღეს უამბო. ცუდ დღეში იყო, ტიროდა.

ბავშვისთვის შოკი იყო. მე მგონი იმ ბიჭისთვის სულერთი იყო კონკრეტულად ვინ იქნებოდა გოგონების საპირფარეშოში. გოგონა ახლა კარგადაა, სკოლაშიც დადის. მეგობრებიც ძალიან ამოუდგნენ მხარში. თანატოლებსაც თავად მოუყვა ყველაფერს და ვერ დაიფარა ეს ამბავი.

გოგონას მშობლები იყვნენ სკოლაში მოსულები და დირექტორმა აუხსნა, რომ დირექციისგან ამ ყველაფერს შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა“, – განაცხადა მარიკა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის მტკიცებით, მომხდართან დაკავშირებით, დირექციამ მოკვლევა თავად ჩაატარა და ყოფილი მოსწავლის სახელი და გვარი დისციპლინურ კომიტეტს გადასცა.

„გამოძიება ჩვენ თვითონ ჩავატარეთ. კამერებიც ამოვიღეთ, თუმცა დერეფანში არ არის კამერა, ჭრილშია და კარგად არ ჩანს. როდესაც ეს მოხდა, იმ დროს არცერთი მანდატური მე-4 სართულის დერეფანში არ ყოფილა და ეს კიდევ ცალკე პრობლემაა”, – აღნიშნა დირექტორის მოადგილემ.

„ეს ბიჭი წელიწადზე მეტია სხვა სკოლაში გადავიდა. ძალიან ბევრი გაცდენა ჰქონდა. არ არის კარგი პიროვნება. რამდენიმე წლის წინ მცდელობა ჰქონდა სკოლაში თანხის აგროვების და ეს ფაქტი დროულად აღვკვეთეთ. კარგი დახასიათება არ აქვს.

ყველამ იცის, რომ გადასული ბავშვები არ უნდა შემოვიდნენ შენობაში და არც შემოდიან. ნებისმიერი ვერ შემოდის. ჩვენთან არის მკაცრი კონტროლი, მაგრამ ეს ადამიანი ზუსტად იმ დროს არის შემოსული, როდესაც დილით ბავშვების ნაკადი სკოლაში ერთიანად შევიდა. გამიგეთ, 1 600 ბავშვს ვერ დაუდგება დარაჯი სახით ამოცნობას ვერ დაიწყებს. რთულია, თუმცა ყველამ იცის, რომ კონკრეტულად ეს პიროვნება არ უნდა შემოუშვან სკოლაში თავისი ცუდი ისტორიის გამო.

რაღაცა პერიოდი მე დავაფიქსირე და გავუშვი სკოლიდან, მაგრამ როგორც ჩანს საიდანღაც არის გადმომძვრალი”, – განაცხადა ქადაგიშვილმა, რომელიც ვარაუდობს, რომ ყოფილი მოსწავლე სკოლის შენობაში შესვლას ვეღარ გაბედავს.

„არამგონია, რომ მან კიდევ გაბედოს სკოლაში შემოსვლა“,-აცხადებს სკოლის დირექტორის მოადგილე.

იტვირთბა....