aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რატომ ვერ ტოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს?

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯერაც უცნობია, როდის დატოვებს ციხეს 2023 წლის 7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი, რომლის შეწყალების გადაწყვეტილებაც საქართველოს პრეზიდენტმა იმავე დღეს მიიღო, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ერთი კვირაა, საქალაქო სასამართლო და პენიტენციური დაწესებულება აჭიანურებენ იმ დოკუმენტის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიწოდებას, რაც მას შეწყალების ოქმის გამოსაცემად სჭირდება.

როგორც ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი თათია მანიჟაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, შეწყალების ოქმის გამოცემისთვის პრეზიდენტს სჭირდება ხელთ ჰქონდეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც, მისი ინფორმაციით, მოსამართლემ პენიტენციურ დაწესებულებას გადაუგზავნა, მაგრამ იგი არც თავად მსჯავრდადებულს არ ჩაჰბარებია და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ მიუღია პენიტენციური დაწესებულებიდან.

“კაცი გაამტყუნეს, განაჩენს არ გვაძლევენ”, – ამბობს თათია მანიჟაშვილი, რომელიც დღეს, 19 აპრილს, კოლეგებთან ერთად იყო მისული საქალაქო სასამართლოში იმის გასარკვევად, როდის მიიღებენ გრიგორიადისი და მისი ადვოკატები განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს. სასამართლოში მას უთხრეს, რომ მოსამართლე ზვიად შარაძემ 14 სამუშაო დღე აიღო განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად იმ არგუმენტით, რომ საქმე მრავალ ტომს შეიცავს. ადვოკატის განმარტებით, მას ამის უფლებას აძლევს კანონი, რომლითაც სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად 5 სამუშაო დღეა განსაზღვრული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე მოცულობითია – ასეთი შემთხვევებისთვის კანონი ითვალისწინებს 14-დღიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას.

პროცედურის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს განაჩენის მიღების შემდეგ შეწყალების ოქმის გამოცემა მყისიერად შეუძლია.

რადიო თავისუფლება 15 აპრილის შემდეგ ელოდება პენიტენციური სამსახურიდან პასუხს კითხვაზე, მიიღო თუ არა უწყებამ დოკუმენტაცია მოსამართლე ზვიად შარაძის გამოტანილი განაჩენის შესახებ.

იტვირთბა....