ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„გვაქვს უტყუარი ფაქტები, ქართული ოცნება აგრძელებს ფარულ ჩანაწერებს“

„გვაქვს უტყუარი ფაქტები, გრძელდება მანკიერი, ცინიკური ტრადიცია “ქართული ოცნების” სპეცსამსახურების მიერ“ – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გაზეთ „რეზონანსთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. საქმე შეეხება ფარული ჩანაწერების გავრცელებას.

„ძალიან კარგად მახსოვს, როგორ შეიქმნა სისტემური დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი სააკაშვილის რეჟიმის დროს, ვინც სისტემატურად მათ ოპონენტებზე, საზოგადოების სხვადასხვა წევრებზე და ჟურნალისტებზე აგროვებდნენ ამგვარ ჩანაწერებს. ასე რომ, ეს არის წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ასევე ამ ხელისუფლებისაც, რადგან დაპირებების მიუხედავად, თავის დროზე საქმე არ გამოიძიეს. გვაქვს უტყუარი ფაქტები, გრძელდება მანკიერი, ცინიკური ტრადიცია “ქართული ოცნების” სპეცსამსახურების მიერ. ამიტომ ვეთანხმები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო სტრუქტურა. ეს ყველაფერი გამოძიებული იქნეს და არსებობდეს საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლის სპეციალური მექანიზმი, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება დამორჩილებულია ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზე“, – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ეს მორალური ტერორი პირველ რიგში მიმართულია “თავისუფალ დემოკრატებზე“, როგორც მზარდი რეიტინგის მქონე პარტიის წინააღმდეგ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ.

„ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დავადასტურეთ, რომ გვაქვს პოლიტიკური ნება, ასეთი ცინიზმით სავსე ინსტიტუციური ორგანიზებული დანაშაული შეწყდეს. საზოგადოებას გარანტიას ვაძლევთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში“ – აღნიშნა ალასანიამ.

როგორც მან განაცხადა, უსმენენ პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის დემოკრატებს. მიმდინარეობს ფარული მიყურადება და ამის მაგალითია ალექსი პეტრიაშვილი.

„ფარული ჩანაწერებისა და მიყურადების არცერთი საქმე არ არის გახსნილი. თქვენი აზრით, ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება არ აქვს? პროკურატურა დღეს შოთაძისაა, რომელსაც აკლია ყველანაირი კომპეტენცია. პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებიც მართლაც გამორჩეულნი არიან თავის საქმეში, არ არიან ისეთ პოზიციაზე, რომ საქმეს თავისი პროფესიონალიზმი მოახმარონ. პოლიტიზებულია დღევანდელი პროკურატურა და ეს გამოჩნდა კაბელების და კიდევ არაერთ საქმეზე. წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით ვერ აწვდიან საერთაშორისო სასამართლოს გამყარებულ მტკიცებულებებს. ესეც ხომ მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს. მაგრამ ასევე არ არსებობს პოლიტიკური ნებაც”, – განაცხადა ალასანიამ.

იტვირთბა....