ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა მდინარაძის თქმით, მათ მიერ ინიცირებული კანონის მიზანია, დონორებს აღარ მოუნდეთ დაფინანსება

“ქართული ოცნების” მიზანი გაცხადებულია – მამუკა მდინარაძე პირდაპირ ამბობს, რატომ სჭირდება ხელისუფლებას რუსული კანონის მიღება.

მდინარაძემ კომიტეტზე გაამხილა, რომ მიზანი დონორების მხრიდან დაფინანსების შეზღუდვაა. როგორც “ოცნების” დეპუტატი ამბობს, ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ხელისუფლება გეგმავს, პირველ ეტაპზე, არასამთავრობო ორგანიზაციების “ექსტრემიზმში” მხილებას, რის შემდეგაც დონორებს აღარ მოუნდება მათი დაფინანსება.

მიზანი არის რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, სად მიდის ეს ასეულობით მილიონი დოლარი და მაგალითად, როდესაც ვხედავთ ჩვენ ბრძოლას პოლიტიკურ ველზე გადასულს ენჯეო სექტორის მხრიდან, ორჯერ რევოლუციაში მონაწილეობას და შესაბამის მოწოდებებს, როდესაც ვხედავთ ეკლესიის წინააღმდეგ განცხადებებს, როდესაც ვხედავთ პროპაგანდისტულ განცხადებს, რაც შეეხება არატრადიციულ ცხოვრების წესს, არჩევნების ლეგიტიმაციაზე პირდაპირ თავდასხმას და მსოფლიოში ერთი პრეცენდენტი რომ იყო და ისიც საქართველოში, აქაც უნიკალურები ვართ, რომ ისფედმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩვენი მეგობარი ქვეყნებში არსებული დონორებიდან დაფინანსებული ფულით რომ გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ასევე პოლარიზაცია და რადიკალიზაცია საიდან ფინანსდება, ეს რომ იცოდეს ხალხმა. ასევე, რელიგიური სარჩულით რომ ძალიან ხშირად მიდის იქ რაღაცების ჩაგდება, ინსტიტუტების დასუსტების მცდელობა როა, კლანი კლანს, რომ გაიძახიან და იმის მაგივრად, რომ ეს საკმაოდ დიდი ფული სასამართლოს გაძლიერებას მოხმარდეს, რაშიც დონორი ოფიციალურად აფიქსირებს, რომ ამაში უნდა იხარჯებოდეს, ვიდეორგოლები იქმნება რომ სასამართლო გაშალონ დისკრედიტაცია მოხდეს.
სხვა ინსტიტუტების დასუსტება, ექსტრემიზმის მხარდაჭერა რომ მიდის და მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილიო, ენჯეო სექტორის წარმომადგენელი და ორგანიზაციების სახელებითაც კი რომ ასეთი მოწოდებები ვრცელდება, ხალხმა იცოდეს, ვინ აფინანსებს ასეთ ექსტრემიზმს და ამით მოხდება პრევენცია, იმიტომ, რომ თავად დონორს აღარ მოუნდება ასეთი ექსტრემიზმის დაფინანსება, იმიტომ, რომ შეხედავს, რომ საქართველოში ყველამ გაიგო, საიდან ფინანსდება ეს ყველაფერი,“ – ამბობს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტში ამ წუთებში რუსული კანონის პირველი მოსმენა მიმდინარეობს. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეზღუდვები მოქმედებს და გარკვეულ მედიასაშუალებებს, მათ შორის ონლაინ მედიას არ აქვს შესაძლებლობა დასწრების, გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმაც ვერ შეძლო კომიტეტზე შესვლა.

იტვირთბა....