12 ევროპული ქვეყანა საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, პარლამენტიდან გაიწვიოს ე.წ. “რუსული კანონი”.
განცხადებას ხელს აწერენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, იტალიის და ირლანდიის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.
განცხადებაში ვკითხულობთ:
„3 აპრილს მმართველი პარტია, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შესახებ, რაც, ფაქტობრივად, უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ გასული წლის რუსული კანონია.
ქუჩებში გამოსული ქართველი ხალხის უზარმაზარი ზეწოლისა და აბსოლუტური მობილიზაციის პირობებში მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პირობა დადო, რომ ამ კანონმდებლობას პარლამენტიდან „უპირობოდ გაიწვევს“.
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსის შესახებ, რომელიც შექმნილია საქართველოს აქტიური პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზაციისა და შესუსტების მიზნით, მაშინ, როცა ის ფართოდ არის ცნობილი, როგორც საქართველოს უდიდესი აქტივი და იმედი და აქვს ყველაზე გამჭვირვალე ბიუჯეტისა და დაფინანსების მქონე სექტორის რეპუტაცია.
ხაზს ვუსვამთ, რომ მისი ხელახლა ინიციირება ძირს უთხრის საქართველოს მიერ რთულად მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება არის დემოკრატიის საფუძველი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის;
ამას [რუსული კანონის ხელახლა ინიცირება] აღვიქვამთ, როგორც მტრულ სვლას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის მიმართ და გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას ამის გამო;
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ ის განახორციელებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებამდე და რომ ამ დრომდე საქართველომ მათგან მხოლოდ 3 შეასრულა;
ასევე, შეგახსენებთ, რომ მე-9 ნაბიჯი გულისხმობს, რომ საქართველო უზრუნველყოფს, რომ სამოქალაქო საზოგადოება იმუშავებს თავისუფლად, ხოლო 1-ლი ნაბიჯი გულისხმობს, რომ საქართველო შეებრძოლება დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.
დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი.
ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის მზაობას და მონდომებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის, დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით ხელმძღვანელობით. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დევს”.