შაბათს, 30 მარტს, გამთენიისას თბილისის მერიის თანამშრომლებმა სადგურის მოედნის მეტროსა და „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს.
თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ამ ადგილებიდან “უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს”.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, უწყებამ გარემოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, “უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ”. მერიის ცნობით, ეს იყო ნაწილი იმ პოლიტიკისა, რასაც “თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად ახორციელებს დედაქალაქში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საზოგადოებრივ სივრცეებში” გარე ვაჭრობის კონტროლის მიზნით.
კითხვაზე, რა ბედი ეწევათ გარემოვაჭრეებს, მერიაში გვიპასუხეს: “მოგეხსენებათ, უკანონო გარევაჭრობა აკრძალულია”.
მერია რამდენიმე წელია, ქალაქის ამა თუ იმ წერტილში გარემოვაჭრეების დახლებს შლის. მოქალაქეები კი, რომლებიც ქუჩაში ყიდიან პროდუქტსა თუ ტანსაცმელს, ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო გარევაჭრობაა.
წყარო: რადიო თავისუფლება