რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევი დაბომბეს – უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ დროებით ოკუპირებული ყირიმიდან ნასროლი 2 რუსული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს.
კიევზე თავდასხმა რუსებმა დღის საათებში განახორციელეს. კერძოდ, შეტევა ადგილობრივი დროით 10:30 საათზე დაიწყო, ოფიციალური უწყების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურები ქალაქის სამ სხვადასხვა უბანში არიან გადანაწილებული.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოკუპანტები უკრაინულ ქალაქებს მასირებულად ბომბავენ, გააქტიურდა თავდასხმები დედაქალაქზეც. 21 მარტის ღამეს ოკუპანტებმა კიევის 2 ისკანდერის ტიპის და 29 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს.
წარმატებული სამხედრო ღონისძიებების შედეგად, კიევის ოლქში ყველა რაკეტა მოიგერიეს. აღსანიშნავია, რომ 44-დღიანი პაუზის შემდეგ ეს კიევზე განხორციელებული პირველი შეტევა იყო.