ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლაზარე გრიგორიადისის დედა ითხოვს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შვილის მონახულების საშუალება მისცენ

მარტის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შვილის მონახულების საშუალება მიეცეს.

ის ამბობს, რომ ამ დრომდე შვილის ნახვის საშუალება მხოლოდ ერთხელ, ახალი წლის დღეებში მიეცა, მას შემდეგ კი არაერთი მცდელობის მიუხედავად, თებერვალსა და მარტში ციხეში შესვლის ნებართვა აღარ ჰქონია.

ოჯახი ამბობს, რომ ოფიციალურ მიზეზებად სხვადასხვა პროცედურულ და ტექნიკურ საკითხებს განუმარტავენ, თუმცა დედა ფიქრობს, რომ იქმნება ხელოვნური ბარიერები. ის შესაბამის უწყებებს საჯაროდ მიმართავს და ითხოვს ლაზარე გრიგორიადისის ნახვის საშუალება მიეცეს. ამ თემაზე მან “ფორმულასთან” ისაუბრა.

“უკვე ორი თვე გავიდა, ტელეფონზე კი გვირეკავს ხოლმე, მაგრამ პაემანი არ გვქონია, თებერვლის თვეში დაუწერია განცხადება, რომ უნდოდა პაემანი, მაგრამ უთხრეს, რომ არ არის ადგილები. შემდეგ 24 მარტისთვის დაუწერია განცხადება და 24 მარტი უწევს კვირა, მამაჩემი გუშინ ციხეში რომ იყო და რომ იკითხა რა შეგვიძლია შევიტანოთ და რაღაც, 24-ში გვაქვს ჩანიშნული პაემანი , უთხრეს, რომ არანაირი პაემანი არ არის და ვერ იქნება, იმიტომ, რომ 24 არის კვირა. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერია, იმიტომ, რომ ხან მოსამართლე შვებულებაში გადის, ბოლო სასამართლოდან ერთი თვე კიდევ გაგვიჭიანურეს, ახლა ეს პაემნები, თურმე ჩვენთვის შეუძლებელია და ადგილები არაა, აბსურდს ვისმენთ ამდენი თვეა”, – ამბობს კალანდაძე “ფორმულასთან” საუბრისას.

დედა არ გამორიცხავს, რომ მომდევნო სასამართლო პროცესი იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შვილის ნახვის საშუალება არ ეძლევა.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სხდომა, 26 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი მოსამართლის შვებულების გამო გადაიდო. სხდომა 28 მარტს, 12 საათზე ჩაინიშნა, მოსალოდნელია, რომ მოსამართლე ამ დღეს გადაწყვეტილების მისაღებად გავა.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ლაზარეს ადვოკატები და ოჯახი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს.

ამავე დროს, ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ ბრალდებულად ცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლემ მას გასული წლის 25 სექტემბერს 1,6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....