ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვების ობიექტებმა მენიუში ფასი გადასახადების ჩათვლით უნდა მიუთითონ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებით, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინეს.

სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია – მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი.

სააგენტოს განცხადებით, სტანდარტი დაადგინეს – შპს „ლიმონი 2009“-ის (რესტორანი – რესპუბლიკა) საქმის შესწავლის პროცესში, სადაც მოვაჭრემ სააგენტოსთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. კერძოდ, უწყების განცხადებით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც შეასრულა.

კონკურენციის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 2024 წლის იანვრის თვეში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში 60 განაცხადი დაფიქსირდა.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 2 მოვაჭრეს, 1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. უწყების ინფორმაციით, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე – 13 შეთანხმება გაფორმდა.

იტვირთბა....