aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან” – ირაკლი კობახიძე

ავიაბილეთები
ავიაბილეთები

პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ სახელმწიფო იღებს ყველა ზომას ეკლესიის ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმების დასაცავად.

„სახელმწიფო, სეკულარული პრინციპის დაცვით, იღებს ყველა ზომას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ 6 თებერვალს განაცხადა, რომ საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისგან დასაცავად. მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მუშავდება.

მას შემდეგ, რაც სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გამართა ბრიფინგი და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს, დააინიციიროს საკანონმდებლო ცვლილება, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის. მოგვიანებით უკვე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი მოიცავს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასაც.

„ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დავაინიციირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის. ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს (მაგალითად, მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს).

შედეგად, ჩვენი მიზანია, რომ არ დავუშვათ რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და მოვახდინოთ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების თავიდან აცილება“, – განაცხადა ოხანაშვილმა 10 იანვარს.

24 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ეს თემა ცხადია, საჭიროებს მოწესრიგებას. ეს განსაკუთრებით მძაფრად შევიგრძენით მას შემდეგ, რაც განხორციელდა ეს ვანდალური აქტი სამების ტაძარში. შესაბამისად ნებისმიერ კონფესიასთან მიმართებით, თუ საქმე ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ვანდალიზმს და ა.შ. საკითხი უნდა მოწესრიგდეს.

ვანდალებს სჭირდებათ დასჯა. თუ ვინმე ვანდალიზმს ჩაიდენს, ის უნდა დაისაჯოს, ამისთვის არის კანონი. სადაც იქნება რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მცდელობა…“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....