საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ამ წუთებში პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოდის.
ის სხვადასხვა თემაზე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.
„რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიულ წყლებზე კონფრონტაციის გადატანას და ამით შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისათვის საფრთხის შექმნას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადება, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები (ოჩამჩირის პორტის, ბიჭვინთის სახელმწიფო რეზიდენციისა და სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის მიტაცება), ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, კულტურისა და იდენტობის განადგურება.
საოკუპაციო ხაზთან კი, გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შევიწროება, გატაცება და მკვლელობა. სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება/დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება – მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნების დროს. ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია, ხან კარგი, ხან ცუდი და ჯამში გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, როგორც რუსული კაპიტალის წილი ქვეყანაში. ასევე, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები: ფრენების აღდგენა, “ფეესბეს” და სხვა მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული საკრუიზო გემის პარპაში ბათუმში, სტალინის ხატი სამების ტაძარში… ეს ყოველივე მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებაში გაღვივდეს შუღლი, დაპირისპირება და შეიქმნას დესტაბილიზაციის საფრთხე“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.