ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს” – ბადრი ჯაფარიძე კახი კალაძეს პასუხობს

გუშინ, „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თბილისის მერის, კახი კალაძის, 2007 წლის ვიდეო გადაცემა „რეაქციიდან“, სადაც კალაძე საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, აქებს.

„ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს… დანარჩენზე სასამართლოში“, – წერდა ხაზარაძე.

კალაძემ „ლელოს“ თავმჯდომარეს დღეს უპასუხა: „ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება თუ რა ადამიანია, რა წარსულის მქონე პიროვნებაა. ის ერთი ადგილიც არ ჰქონდა, რომ ჩემი ვიდეო განათავსა და ისიც ბოლომდე განეთავსებინა. მიჭრა-მოჭრა და ისეთი ვიდეო განათავსა“.

დედაქალაქის მერის ამ კომენტარს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.

„ქართული ოცნების” სპიკერების ამ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე ვიტყოდი, რომ ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს. ახლა, რა თქმა უნდა, ისტერიული მდგომარეობაა “ქართულ ოცნებაში”, რადგან გრძნობენ ისინი, რომ კარგავენ ძალაუფლებას, კარგავენ ხელისუფლებას, ამიტომ არ უნდა ვერიდოთ მათგან ასეთ გამოხტომებს, ასეთ შეურაცხყოფებს. ეს დროებითია. დარჩენილია ძალიან ცოტა დრო და როგორც კი არჩევნები ჩატარდება, დამთავრდება “ქართული ოცნების” მმართველობა ამ ქვეყანაში“, – თქვა ჯაფარიძემ.

იტვირთბა....