„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ, საქართველ-ჩინეთის ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„ჩინეთში ვიზიტებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო არა თუ არაფერია, არამედ ასეთი ტიპის ვიზიტები საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებშია. როგორც არ უნდა ეცადოს ოპოზიცია, რომ რაღაც ისტორია შეთხზას, რათა ჩაითვალოს, რომ ეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს, ეს რა საკვირველია, უმაქნისი იქნება.
გვახსოვს, იგივე ოპოზიციის ხმამაღალი განცხადებები, თითქოს ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაფორმება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას შეუშლიდა ხელს, რაც მართალი არ აღმოჩნდა. ევროპის არაერთ სახელმწიფოს ჩინეთთან ძალიან ღრმა და ინტენსიური ურთიერთობები აქვს, რაც არის ნორმალური. ნახეთ, როგორია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ჩინეთთან არსებული სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა – თუნდაც ჩინეთისა და აშშ-ის.
საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე როდესაც საუბარია დერეფნის ფუნქციაზე, როგორი უნიკალური როლიც ბევრ სახელმწიფოს შეიძლება არ ჰქონდეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთში მდებარე ისეთი დიდი ეკონომიკა, როგორიცაა ჩინეთი. ამიტომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც განიხილება როგორც მთავარი აქტორი – ჩინეთი განიხილება როგორც მთავარი აქტორი იმ სავაჭრო ურთიერთობებში, რომელიც საქართველოსთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.