ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„დანაშაულებრივი გარიგება“ პროკურატურაში: „ეს უწყება აგრძელებს პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას…“

თავად მმართველი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ეს პროკურატურა თავის ხელმძღვანელიანად ძველი სისტემის ნაწილია“

დეპუტატი ანი მიროტაძე, იგივე მმართველი გუნდის კიდევ ერთი პერსონა აცხადებდა, რომ თუკი შოთაძე უსწრაფეს რეაგირებას არ მოახდენდა აღნიშნულ საქმეებზე, უნდა დამდგარიყო მისი პასუხისმგებლობის საკითხი

ბოლო ხანებში საქართველოს პროკურატურის მიერ გამოუძიებლად დახურული საქმეების რაოდენობა გაიზარდა, სადაც მან დანაშაულის კვალი ვერ აღმოაჩინა. განსაკუთრებით, ეს პოლიტიკოსების მიმართ წარმართულ საქმეებს ეხება. საკითხი ასე დგას: ირაკლი შოთაძის უწყება არაპროფესიონალებით დაკომპლექტებულია, პოლიტიკურად მოტივირებული, თუ ორივე ერთად? იკვეთება თუ არა შოთაძის მხრიდან დანაშაუალის ნიშნები, რომელიც უფრო, შესაძლოა კონფორმიზმით იყოს გამოწვეული? ფაქტია, გამომდინარე ბოლო მოვლენებიდან, დღევანდელი პროკურატურის მუშაობით საზოგადოების დიდი ნაწილი მთლად კმაყოფილი არ უნდა იყოს. სხვათაშორის, „მეტრონომი“ ამ თემაზე მოსახლეობაში გამოკითხვას ახლო მომავალში შემოგთავაზებთ.

მანამდე, სანამ შეგახსენებთ იმ საქმეებს, რომლებიც პროკურატურამ ძალიან სწრაფად გამოიძია, დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა და ამასთან, სწრაფ რეჟიმში დახურა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტებიც, როცა რიგითი მოქალაქეების საქმეები გაუთავებლად იწელება ან თაროზეა, პოლიტიკური შეფერილობების საქმეები კი, რატომღაც უსწრაფესად იხურება.

პირველი, ეს არის საგარეჯოს რიგგარეშე არჩევნების თემა, რომელიც „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ წინ წამოწია. ის თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს ზემოთაღნიშნული არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. მოსარჩელე ირმა ინაშვილი იყო. საგარეჯოს არჩევნების პერიოდში სოციალურ ქსელში ხიდაშელის ფოტოც გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ის „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში ზის და საგარეჯოს რაიონის მაშინდელ მაჟორიტარობის კანდიდატს  თამარ ხიდაშელს ეხმარება. საბოლოოდ მან ამ არჩევნებში გაიმარჯვა, მისი კონკურენტი ამ არჩევნებზე ირმა ინაშვილი იყო.  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ (ეს პროკურატურამ  თავად განაცხადა) ამ საქმეზე გამოიძიების დაწყების საფუძველი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მიმართვა გახდა. ის მანამდე ამ საქმით არ დაინტერესებულა, სანამ  ორგანიზაციამ  გოგი თოფაძის ბრალდებებით დაინტერესება არ სთხოვა. მას შემდეგ რაც საქმე დაიხურა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მინისტრი ხიდაშელი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო საქმეში, საერთოდ არც კი დაკითხულა.

როგორც „მეტრონომთან“ საუბრისას „რესპუბლიკური“ პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ირმა ინაშვილის პოზიციას სისულელეს უწოდებს. მისი თქმით, საქმეში გამოსაძიებელი არაფერია, რადგან ჰაერზეა ლაპარაკი.

„ირმა ინაშვილი რასაც ლაპარაკობს, ეს არის ელემენტარულად სისულელე. მან ძალიან კარგად იცის და იმთავითვე იცოდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. მანდ გამოსაძიებელიც არაფერი არ იყო და აღსაძვრელიც. ყველა მხრივ გასაჩივრებული აქვს ქალბატონ ინაშვილს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციაა საქმის კურსში მისი საჩივრების, ყველა სასამართლო პროცესი აქვს გავლილი, ყველა სასამართლო პროცესი აქვს წაგებული და ყველა მტკიცებულება აქვს წარმოდგენილი რაც კი შეეძლო, ყველაფერში გამტყუნებულია და რა არის აქ გამოსაძიელებლი, არ ვიცი. არაფერი არ არის, ჰაერზეა ლაპარაკი“ – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ხოლო, რაც შეეხება ზოგადად პროკურატურის მუშაობას, ჩვენთან საუბრისას ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის მისი საქმიანობით კმაყოფილი არ არის და აღნიშნავს, რომ მის მიმართ კითხვები არსებობს – „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს პროკურატურა თავის ხელმძღვანელიანად ძველი სისტემის ნაწილია“- აცხადებს ზურაბიშვილი „მეტრონომთან“.

მეორე, საქმის დახურვის ფაქტი იკვეთება ე.წ. „კოკაინის საქმეშიც“. საქმე შეეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს მანანა კობახიძესა და ეკა ბესელიას. მათ მაშინდელი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ქრთამის აღებაში და მასზე ზეწოლაში ადანაშაულებდა, რომელიც პოლიტპატიმრების სიების დაკომპლექტებას შეეხებოდა. ელისაშვილი ამას მის ტელეფონზე ბესელიასა და კობახიძის მიერ გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებით ამტკიცებდა. მან თავისი ტელეფონი პროკურატურას გადასცა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა კი სპეციალურ განცხადებაში ამბობს, რომ რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად აღნიშნული მოკლეტექტური შეტყობინების ამოღება ვერ მოხერხდა. „ამრიგად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ე.წ. „კოკაინის საქმეზე’’ მსჯავრდებულ პირებსა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შორის შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების ფაქტი, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე შეწყვიტა გამოძიება“ – წერია პროკურატურის განცხადებაში.

თავად ალეკო ელისაშვილი კი კონკრეტულ ადამიანებსა და ფაქტებს იხსენებს, რაც მისი თქმით იმას მოწმობს, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებას არასათანადოდ მოეკიდა – „პირველივე ჩვენებაზე მე ჩამომიყალიბდა აზრი და უკვე მეორე ჩვენებაზე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ხალხი რეალურად საქმეს კი არ იძიებდა, ისინი საქმის ჩაფარცხვაზე მუშაობდნენ“ – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, 1596 მესიჯი სამხარაულის ბიურში აღადგინეს და მაინცდამაინც ის 6 მესიჯი ვერ აღადგინეს. როგორც ის ამბობს, ამ მესიჯების შინაარსი ცნობილი გახდება და ეს იქნება „თავს ლაფი პროკურატურას“. საკრებულოს დეპუტატის თქმით, ტელეფონს ის გაგზავნის ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში და უახლოეს მომავალში მესიჯების შინაარსი ცნობილი გახდება.

ელისაშვილი იმასაც ამბობს, რომ ეს  პროკურატურისთვის გამოცდა იყო, რადგან მას შეეძლო ახალი სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური კულტურა დაემკვიდრებინა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ტრადიციას გამიჯვნოდა.

პროკურატურის ბრალეულობაზე საუბრობს იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც. საქმე შეეხება კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოღებას. მუხაშავრია ამტკიცებს, რომ პროკურატურა ცრულობს, როდესაც აღნიშნულ ფაქტს წესების ცვლილებით ამართლებს და ამბობს, რომ რეალურად ინტერპოლმა იგი პოლიტიკურ დევნილად მიიჩნია. მისი თქმით, როცა ეს ხდება, მინიმუმ მთავარი პროკურორი უნდა გადადგეს. ახალაიას საქმეზე მომუშავე პროკურორი კი ორგანოდან უნდა გააგდონ, „მაგრამ ასეთი რამ არ ხდება. ასე რომ, ამას დოყლაპიობას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ეს, ჩემი ღრმა რწმენით, დანაშაულებრივი გარიგებაა“- განაცხადა მუხაშავრიამ.

როგორც „მეტრონომთან“ საუბრისას იურისტი აცხადებს, მას შემდეგ, რაც კოჰაბიტაციის პოლიტიკა გამოცხადდა, მან მოიტანა ის, რომ პროკურატურამ ბრალდებები წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სათანადოდ არ წარუდგინა, ან წარუდგინა იმდენად უმნიშვნელო ბრადებებით, რომ ამ ადამიანებმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს.

„ადგილმდებარეობის მიხედვით სახელმწიფო განიხილავს ამ საკითხებს, თუ რას ედავებიან თავის სამშობლოში ადამიანებს და იმის გამო, რომ მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები იყო სრულიად უსუსური და დაუსაბუთებელი, ამ ადამიანებმა მიიღეს პოლიტიკური თავშესაფრები. პირველი ასეთი იყო ზურაბ ადეიშვილი და შემდეგ მას მიყვნენ სხვებიც. როდესაც სახელმწიფო პირს პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად დაცულია იმისგან, რომ სამშობლოში დააბრუნონ ნებისმიერი სამართლებრივი ფორმით – დეპორტაციით, გამოძევებით თუ ექსტრადაციით. ახლა, ნელ-ნელა ვლინდება ეს ფაქტები. გარდა ამისა, ის, ვინც მისცეს პასუხისგებაში, მათ მიმართ იმდენად მძიმე საპროცესო დარღვევები იქნა გატარებული და იმდენად არასწორად და სასამართლო პროცედურების დარღვევებით მოხდა განაჩენების გამოტანა, რომ ყველა ამ საქმეზე პრაქტიკულად ერთხმად საერთაშორისო საზოგადოებამ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა ამ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნას, ხოლო როდესაც ქვეყანაში კეთდება ასეთი დაკსვნა, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რამდენიმე პირის მიერ გაკეთდა ასეთი დასკვნა, სხვებს, ვინც არ არიან ამ სიაში, უფლება აქვთ ამტკიცონ, რომ მათ მიმართაც იგივე პროცედურა განხორციელდება, თუკი მათ ჩამოიყვანენ საქართველოში და მისცემენ პასუხისგებაში. ამიტომ მათ უჩნდებათ ძალიან კარგი თავდაცვის არგუმენტი იმისათვის, რომ ამტკიცონ, ისინიც არიან სამშობლოში პოლიტიკური დევნის მსხვერპლები“ – განუცხადა მუხაშავრიამ „მეტრონომს“.

მისი თქმით, როდესაც ეს პროცესები საქართველოში დაიწყო, ამაზე მათ არასამთავრობო ორგანიზაციები აფრთხილებდნენ, რომ ძალიან დიდი ყურადღებით და ზედმიწევნით დაეცვათ ყველა საპროცესო და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო. „ეს დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული იყო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამის საპირისპიროდ მოქმედებდნენ და მივიღეთ ის, რაც მოხდა“ – ამბობს „მეტრონომთან“ მუხაშავრია.

„პროკურატურის მიმართ მძიმე ბრალდებები იყო და დღესაც რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ახალმა ხელისუფლებამ თითქოს პროკურატურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმები განახორციელა. თუმცა, ეს ყველაფერი გაკეთდა ფასადურად, იმისათვის, რომ ევროპისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ეთქვათ, ისინი ამ მხრივ რაღაცის შეცვლას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ შედეგი იგივეა. შოთაძე დანიშნეს კანონში შეტანილი ცვლილებებით, განსაკუთრებული პროცედურით, თითქოს რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ ორგანოს მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და ეფექტური გამოძიება, მაგრამ გამოძიებას არა და არ დაადგა საშველი. ვფიქრობ, რომ ესეც გაკეთდა სრულიად შეგნებულად, ფასადისათვის. სინამდვილეში პროკურატურა აგრძელებს პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას. არცერთი გახმაურებული საქმე გამოძიებული და გახსნილი არ არის“ – განაცხადა მუხაშავრიამ.

„ქართული ოცნების“ წევრი ელისო ჩაფიძე კი ფიქრობს, რომ პროკურატურა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ის „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, რომ მან მოახერხა იმ შეკითხვებისათვის, რომელიც საზოგადოებაში აღნიშნულ დახურულ საქმეებთან მიმართებაში არსებობს, პასუხები ოპერატიულად გაეცა.

„არ მაქვს არავითარი საფუძველი, რომ გამოძიების  მიმდინარეობის ობიექტურობაში, ან მათ პროფესიონალიზმში გარკვეული ეჭვი შევიტანო, რადგან ამ საკითხებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში შეკითხვები არსებობდა და სწორედ ამ შეკითხვებთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდა, პროკურატურის დასკვნა დამაკმაყოფილებელია. იქიდან გამომდინარე, რომ მათ შეამოწმეს ამა თუ იმ ქმედების, ამა თუ იმ ბრალდების ნამდვილობა და შესაბამისობა რეალობასთან. სიმართლე რომ ვთქვა, ეს შედეგები ჩემთვის გასაკვირი არც ყოფილა, რადგან მე გამოვრიცხავდი როგორც ბესელიასა და კობახიძის მხრიდან რაიმე კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობას, ასევე კანონდარღვევას საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით“ – განუცხადა ჩაფიძემ „მეტრონომს“.

თუმცა, როგორც ის ამბობს, არასწორია, როდესაც ჯარისკაცები არჩევნებზე ხმას დისლოკაციის ადგილის მიხედვით აძლევდნენ. ჩაფიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შევა, იმ დროისთვის კი როდესაც არჩევნები ჩატარდა, მოქმედი კანონმდებლობა აბსოლუტურად დაცული იყო.

„გარდა ამისა, ჩვენ წინასწარ გვქონდა სრულიად საჯარო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯარისკაცების 100%-ს, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, არ მიუცია ხმა სახელისუფლებო პარტიის კანდიდატისათვის. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ საგარეჯოს არჩევნებზე უზრუნველყოფილი იყო კანონიერება, რაც პარლამენტმა აღიარა კიდევაც შესაბამისი ხმის მიცემის პროცედურით. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ამ თემებზე საუბარი უბრალოდ ზედმეტი სპეკულაცია იქნება“ – აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.

„ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში არიან, ვგულისხმობ ალეკო ელისაშვილსა და ირმა ინაშვილს, სრული უფლება აქვთ საზოგადოებას ის მტკიცებულებები წარუდგინონ, რომლებიც მათ გააჩნიათ. მათ შორის ეს არის მესიჯები და ა.შ. მათ გამოხატვის თავისუფლება აქვთ“ – განაცხადა ჩაფიძემ.

ის ვერ ხედავს ხელისშემშლელ გარემოებას თუ რატომ არ და ვერ უნდა წარმოადგინონ მათ თავიანთი მტკიცებულებები – „ჩვენ გამოვხატავთ სრულ მზადყოფნას, მივიღოთ ასეთი მონაცემები, განვიხილოთ. ჯერჯრობით მე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი მონაცემები და მიმოწერები არ მინახავს, ველოდებით, როდის გასაჯაროვდება ეს ყველაფერი“ – აცხადებს ჩაფიძე მეტრონომთან.

ამ ეტაპზე, ის ფიქრობს, რომ არავითარი მონაცემები არ არსებობს, რომ მათ პროკურატურას არ დაუჯერონ, რადგან მისი თქმით, დასკვნები, რომლებიც პროკურატურამ წარმოადგინა ძალიან მაღალი კვალიფიაციის და არგუმენტირებული იყო.

მიუხედავად ელისო ჩაფიძის ამ დამოკიდებულებისა, დახურულ საქმეებსა და გახმაურებულ მკვლელობებზე, საზოგადიების მხრიდან ზემოთჩამოთვლილი კითხვები კვლავ არსებობს. ეს კი იქამდე იარსებებს, სანამ უწყება პოლიტიკის გავლენისგან არ გათავისუფლდება, რადგან პროკურატურაში არავინ ისჯება, არავის პასუხი არ მოეთხოვება, ყველანი მშვიდად და კარგად ცხოვრობენ. გასაკვირი აქ არაფერია, თუგინდ მაშინაც კი როცა თავად კოალიციის წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილიც კი აღიარებს, რომ „ეს პროკურატურა თავის ხელმძღვანელიანად ძველი სისტემის ნაწილია“.

როგორც „მეტრონომს“ უფლებადამცველმა ლია მუხაშვრიამ განუცხადა, „პროკურატურაში იღებენ მაღალ ანაზღაურებას და კვლავინდებურად ინარჩუნებენ თანამდებობებს. ეს პოლიტიკური ნებით რომ არ იყოს გამოწვეული, დიდი ხანია მათი თავები დაგორდებოდა“.

აქვე უნდა აღინიშნოს დეპუტატ ანი მიროტაძის, სხვათაშორის, იგივე მმართველი გუნდის კიდევ ერთი პერსონის ობიექტური შეფასება, რომლის ვიდეოლინკსაც “მეტრონომი” გთავაზობთ. იგი აცხადებს, რომ თუკი შოთაძე უსწრაფეს რეაგირებას არ მოახდენს აღნიშნულ საქმეებზე, უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

რეალურად დღეს ქვეყენაში ისმის ლეგიტიმური კითხვა – საერთოდ, გვაქვს კი ჩვენ პროკურატურა, რომელიც ქვეყნის პროგრესს უზრუნველოფს? დასკვნები თავად გამოიტანეთ. ერთის თქმა კი შეიძლება, რომ დღეს, კონფორმიზმსა და პროფესიული მოვალეობის შესრულებას შორის არსებული ზღვარი მოშლილია და შესაძლოა ამის ბრალი ზუსტად ის მაღალი ანაზღაურება იყოს, რომელზეც მუხაშავრია საუბრობს… არადა, მაღალმა ანაზღაურებამ იცის თვალების ისეთი დაბინდვა, რომ ადამიანს ყველაფერი ავიწყდება, მორალი, პროფესიული მოვალეობა და ის ზღვარიც მაშინ იშლება ხოლმე, როცა კოლოსალური თანხები შენს ანგარიშზე ირიცხება…

ნინო ცხადაია

გენო ჯოხიძე

 

იტვირთბა....