ბლოგები კულტურა საზოგადოება

ცოლ-ქმარი

გვარი არ მახსოვს, თუმცა ერთხელ და ერთმა, ერთმნიშვნელოვნად ჭკვიანმა კაცმა თქვა – ადამიანები ასწლიანი თანაცხოვრებისთვის გაჩენილნი არ ვართო… ძნელია არ დაეთანხმო.

ადამიანები თანაცხოვრებაში უამრავ ლამაზ, ხშირად ხანგრძლივად ლამაზ მომენტებსაც კი პოულობენ და ამას დროში ღრმა სიბერემდეც კი წელავენ… თუმცა ეს ყველას რასაკვირველია არ ეხება და არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ ათიდან ცხრა ადამიანთა ქორწინება ჰორმონთა ქორწინება უფროა, ვიდრე ადამიანთა.
ათიდან ცხრა წყვილი ერთმანეთს ფაქტობრივად არ იცნობს. ქართულ რეალობაში ასეთი დაოჯახება-დაწყვილებები გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე იგივე და ე.წ. განვითარებულ სამყაროში; ანუ კაცობრიობის ის ნაწილი იმ სიტყვა-ფრაზების ხმარებას, რომელთაც საშუალო სტატისტიკური ქართველი ვაჟი და ქალი სატელეფონო დონეზე და ყოველდღიურ რეჟიმში იყენებს, გაურბის და სიტყვები “მე შენ მიყვარხარ!” მისთვის სერიოზულ ნაბიჯად განიხილება. იქ “ნაცნობობა-უცნობობას” ცხოვრებისეული პრაქტიკა, წლები, ასაკი განაპირობებს! ასაკი, რომელიც მწიფედ, ცხოვრების სადღაც პირველი მეოთხედის დასრულების შემდეგ თუ ითვლება. ამდენად ისინი, ვინც “მკვახე” პერიოდში გაყვნენ, ან მოიყვანეს, უცნობ ადამიანთან თანაცხოვრებისთვის არიან განწირულნი… შესაბამისად კონფლიქტური და ნაკლებად სასიამოვნო ურთიერთობებისთვისაც. ასეთი ადამიანების თანაცხოვრებას, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ის საერთო ღირებულებები აკავშირებს, რომელნიც მართლა ღირებულია, ფასეულობები, რომელნიც მართლა ფასეულია, თუმცა ერთ წვეთ დადებითობას არ სძენს და მატებს იმათ ურთიერთობას, ვინც ამ ღირებულებებს საფუძველი ჩაუყარა… ეს ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითი გავლენის მქონეა ადამიანებზე, რომლებიც იზრდებიან და რომლებიც ყოველდღიურობის რეჟიმში არან შემყურე იმისა, რაც დადებითი არ არის და უარყოფითია.
რამოდენიმე თვის წინ ჩემს ერთ მეგობარს ვესაუბრე ოჯახზე, როგორც ინსტიტუტზე და კევინ სპეისის (როლის შემსრულებელის) ის განთქმული სიტყვები მოვუყვანე მაგალითად, სადაც მთავარი გმირი იმ პლანეტის “ოჯახს” აღწერს, საიდანაც ჩამოსულია… სადაც ოჯახის ინსტიტუტის აუცილებლობა-არაუცილებლობაზე საუბრობს და სადაც გარკვეულ მონაკვეთში ადამიანი(!) შეიძლება ვერც დაეთანხმო, თუმცა… დღეს, აქაური და ის ადამიანი, რომელიც სახეზე გვყავს, ვერ არის იმ შესაძლებლობების მქონე, რომ შექსპირისეული მიდგომა აცხოვროს იმ რეალობაში, რომელიც ჩვენია და რომელიც იდეას დასცინის. ჩვენ ბოლომდე ვერ გვიყვარს და ცოლ-ქმრულიდან ზოგადად სიყვარულისკენ გადავუხვევ.

რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, ჩვენი ერთგულება წუთებით განისაზღვრება და არა ცხოვრებით! ჩვენ, ათიდან ცხრა, ვძველდებით იმ სიყვარულისთვის, რომელიც ლტოლვის და სიყვარულის ნამდვილ სიხარულს ბოლომდე ინარჩუნებს… უფრო სწორად გვიჭირს იმ “ორგანოს” მომართვა, რომელიც ამაზე პასუხისმგებელია. ჩვენ ათიდან ცხრამ არ ვიცით შეგრძნებების მშობლის, უმაღლესი შეგრძნების ფასი და შესაბამისად უდიერად ვექცევით იმას, რასაც არ ვიცნობთ… ჩვენ ათიდან ცხრას არ (ვერ) გვინდა ურთიერთობა, რომელიც ადამიანში სულს დაგვანახებს… რომელიც სიყვარულით გვაცხოვრებს და სიყვარულის, როგორც ცნების, ანალიზის უნარს შეგვძენს. ჩვენი სიყვარული რუტინად გადაქცევისთვის არის განწირული და ათიდან ცხრის შემთხვევაში ზუსტად ასეთად იქცევა ხოლმე.
მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ, რასაკვირველია ნებისმიერი გაიხედება და ნებისმიერი იხედება კიდეც, ვინც სიყვარულს მოძველებული, მოცილებული, თუმცა ქვეცნობიერის დონეზე მონატრებულია… ასეთები კი, როგორც ზემოთ ვთქვი, ცოტა უფრო მეტი, ვიდრე ბევრნი არიან!
ღალატი ხო მოტივი უფროა, ვიდრე ქმედება?! “ღალატი” ბრჭყალებში შეიძლება ჩაისვას, თუ ის ბოროტ განზრახვას არ გულისხმობს… იმ ლტოლვას დამორჩილება, რომელიც დაძველებულია და განახლებას ითხოვს, კი ბატონო, ტრადიციულად ცუდ მოვლენად თვლება, ოღონდ ღრმად, შესაბამისად არსობრივად, თუ ჩავუფიქრდებით, სადღაც იქამდე დავალთ, სადაც პოლიგამურობა გარდუვალობაა, მონოგამურობა კი ხვედრი.
თუ გინდა სასურველი იყო და სასურველი იყო მთელი საუკუნე, ეს უნდა დაიმსახურო!.. ეს უნდა გაჩუქოს რაღაცა ისეთმა, რაც ცხოვრებამდე იყო და ცხოვრების შემდეგაც გაგრძელდება… სიყვარული ან გპოულობს, ან არა. სიყვარული ზე-ადამიანურ თვისებებს მოითხოვს. დღეისათვის ჩვენი სიყვარული ჰორმონებით არის საზღვრული და სიყვარულზე ნამდვილზე, ინფორმაციას მხოლოდ იმ ბრძენი შემოქმედების ხარჯზე ვიღებთ, რომლებიც ამაზე წიგნებში გვიყვებიან. ჩვენ გვიყვარს წამები და რუტინას ვებრძვით წლები.
ის, რომ მშობლის შვილის მიმართ სიყვარულში იმ სიყვარულის ელემენტებს შევიგრძნობთ, რომელიც სიყვარულს ნიშნავს და უდრის, არ ამართლებს იმას, რომ გვიხუნდება სხვა, ქალ-ვაჟური მაგნიტიზმი… მიზეზი იმისა, რაც სახლის სახლად და შვილის შვილად არსებობას უძღვის წინ. ჩვენი აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ ვმრავლდებით და სიყვარულიც მხოლოდ მდედრ-მამრის, ძუ-ხვადის, ურთიერთობას არ სცილდება. არადა სიყვარული არათუ გონებაში და მის მიერ გამოზრდილი ცნება, არამედ სუბსტანციაა ფაქტობრივად… მშობელი აზრის და მშობელი გონების. სიყვარულია ის გონი, რომლიდანაც გამონაჟურებს ჩვენ წარმოვადგენთ.

ასე რომ, ნუ გავუბრაზდებით ერთმანეთს იქ, სადაც აშკარად და ნათლად ვხედავთ საკუთარ ბუნებასაც!.. ადამიანები ფიქრების დონეზე ხო ყველანი “მოღალატეები” ვართ?! ასწლოვანი სიყვარული ხვედრია… დიდთა ხვედრია!.. რამდენი ხართ ასეთი?!

ვასო შონია

იტვირთბა....