საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი სასამართლო სისტემას ტოვებს. განცხადებას პოსტიდან წასვლის შესახებ 25 მარტის შემდეგ დაწერს. ახვლედიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას აპირებს, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე იქნება ორიენტირებული.
„ვერ ვხედავ აზრს ამ მენჯმენტთან თანამშრომლობის, სასამართლო სისტემის განვითარების ხედვა არ აქვთ.“ -განაცხადა მამუკა ახვლედიანმა ტელეკომპანია „პირველთან“.
მამუკა ახვლედიანის სასამართლო სისტემიდან წამოსვლის შესახებ კომენტარი არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გააკეთეს. ეკა გიგაური იუსტიციის საბჭოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოების მიერ მამუკა ახვლედიანის მიმართ არაკანონიერ მოპყრობაზე საუბრობს.
ეკა გიგაური: ვხედავთ რომ ისუტიციის უმაღლესი საბჭო არადემოკრატიულად მოეპყრო ყველა სხვა მოსამართლეს და განსაკუთრებით მამუკა ახვლედიანს, რომლის ინტერესებსაც ჩვენ სასამართლოში დავიცავთ. გვინდა ყველა მოსამართლეს ვანახოთ, რომ თუ ისინი ხმას ამოიღებენ და პრობლემებზე ილაპარაკებენ, მათ მხარდამჭერები ეყოლებათ.
ახვლედიანმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა სარჩელი სასამართლოში ახვლედიანის უკანონოდ გადაყენების საფუძველზე გუშინ შეიტანეს.