ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„აუცილებლად ვაგებინებ პასუხს პროკურორებს“: ელისაშვილი აცხადებს, რომ საქმე დახურული არ არის

 

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პროკურატურას ტყუილში ადანაშაულებს. დეპუტატი პროკურატურას პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის დაკითხვის ოქმის დამალვასა და ტელეფონის ექსპერტიზის გაყალბებაში ადანაშაულებს. ის დამატებითი კვლევისთვის აპარატის საზღვარგარეთ გაგზავნას გეგმავს.

ელისაშვილი აცხადებს, რომ სამართლებრივი გზებით ბრძოლის გაგრძელებას აპირებს რათა პასუხი აგონ როგორც პარლამენტის დეპუტატებმა მანანა კობახიძემ და ეკა ბესელიამ, ასევე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა.

“პროკურატურამ კი დახურა ეს საქმე, მაგრამ ეს საქმე მე არ დამიხურია. ეს არის ჩემი ღირსების საქმე და მე, ბესელია-კობახიძის გარდა, ამ საქმის ჩაფარცხვის და მტკიცებულებების გაყალბების გამო კანონის წინაშე აუცილებლად ვაგებინებ პასუხს პროკურორებს და ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს.

მე ამ საქმეს ადრე თუ გვიან ბოლომდე მივიყვან. “ქართულმა ოცნებამ”, ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა გამოცდა. მან ტრადიციისამებრ ისევ დააფარა ხელი თავის კორუფციულ ჩინოვნიკებს, მაგრამ ამ საქმეს არ ვაცხადებ დახურულად.” – ამბობს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ  ელისაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. საკრებულოს დეპუტატი ამბობდა, რომ შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, მას მობილურ ტელეფონზე სისტემატიურად უკავშირდებოდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, უგზავნიდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და მისგან მოითხოვდნენ ე.წ. “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტას. ცოტა ხნის წინ, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ე.წ. ,,კოკაინის საქმეზე” ჩადენილი შესაძლო კორუფციული ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.

იტვირთბა....