დღეს თავდაცვის კომიტეტის სხდომაა. კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას კიდევ ერთხელ შეახსენეს ოპოზიციონერ თეონა აქუბარდიასათვის მიყენებული შეურაცხყოფის საკითხი.
აქუბარდიამ კიდევ ერთხელ მოითხოვა ბერაიას გადადგომა.
„რაც შეეხება იმ არასასიამოვნო ინციდენტს, რასაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მე ამაზე ვისაუბრე და მეტ საუბარს არ ვაპირებ. ეს იყო ძალიან სამწუხარო და ვთქვი, რომ ძალიან ვწუხვარ და შემიძლია ეს კიდევ ერთხელ გავიმეორო. შესაბამისად, ის, რაც მე უნდა გამეკეთებინა, რაც საჭიროდ მივიჩნიე, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ყველაფერი გავაჟღერე. მიმაჩნია, რომ ეს იყო არასწორი და ეს არ უნდა თქმულიყო. ეს შემიძლია დავადასტურო. იმედია, ამ საკითხზე, ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდება განხილვა, მსჯელობა, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს არ შეგვიქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს არცერთ ჩვენგანს კომიტეტში. შესაბამისად, თუ ვკონცენტრირდებით იმ საქმეზე, რასაც ჰქვია ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება, რისი სულისკვეთებაც ამ კომიტეტში ყოველთვის არსებობდა, ვფიქრობ, ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება და ქვეყნისთვისაც. რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას, მე ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ოპოზიცია ყველა პროცესში ყოფილიყო ჩართული, იქნებოდა ეს ვიზიტები, მივლინებები და ა.შ. მათ შორის, რამდენიმე ბოლო ვიზიტში მე ოპოზიციის წარმომადგენლებს შევთავაზე წამოსვლა, მათგან მივიღე უარი, ზოგი რა მიზეზით, ზოგი რა მიზეზით, ზოგი მოუცლელობის გამო. ასეთი იყო მაგალითად, ჰერმან საბო, ალეკო ელისაშვილი. გასვლით ვიზიტებში არმაზ ახვლედიანსაც შევთავაზე ქვეყნის მასშტაბით წამოსვლა, უბრალოდ, მოხდა ისე რომ ჩვენი გეგმები არ დაემთხვა ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგში ეს ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
შეგახსენებთ, გასული თვის ბოლო, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბერაიამ აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

