ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ალექსანდრე ქიზიყურაშვილმა ქართული მეღვინეობისადმი მიძღვნილი მიღება გამართა

ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ალექსანდრე ქიზიყურაშვილმა ქართული მეღვინეობისადმი მიძღვნილი მიღება გამართა.

2023 წლის 18 ნოემბერს, ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით, ქ. ანტვერპენში გაიმართა ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მიღება. ღონისძიებას დაესწრნენ ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოდან, ბელგიაში მცხოვრები ქართველი და საერთაშორისო სტუდენტები, ბრიუსელში მდებარე სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუტებში დასაქმებული ახალგაზრდები, ხელოვნების, კულტურისა და მეღვინეობის ენთუზიასტები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, აგრეთვე მოწვეული სტუმრები ბელგიიდან.

ღონისძიებას უმასპინძლა ქ. ანტვერპენში, ისტორიულ შენობაში მდებარე ერისთავის გალერეამ. Ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა, მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის, ერისთავის გალერეას საღამოს მასპინძლობისათვის და ისაუბრა ქართული მეღვინეობისა და მევენახეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, მოწვეული სტუმრებისათვის გაიმართა სხვადასხვა სახეობის ქართული მშრალი, ნახევრადმშრალი და ნახევრადდტკბილი ღვინის დეგუსტაცია.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილნი იყვნენ ბელგიის სამეფოში ქართული ღვინის იმპორტიორი ორი კომპანია: Alevino-ალევინო და Georgian Wijn, რომელთა წარმომადგენლებმაც დაწვრილებით ისაუბრეს თითოეული ღვინის სახეობის უნიკალურობასა და ნიშან-თვისებებზე.

აღნიშნული ღონისძიება ალექსანდრე ქიზიყურაშვილმა ჩაატარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ახალგაზრდა ელჩი-ს მანდატის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა ქართული კულტურის მრავალფეროვნების, სახალხო დიპლომატიისა და ახალგაზრდული კავშირების განმტკიცება საქართველოს საზღვრებს გარეთ.

იტვირთბა....