ბელგიის პოლიცია ეძებს ერთ ტერორისტს, რომელიც ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტის თავდასხმაშია ბრალდებული. euronews-ი აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც გამოსახულნი არიან ტერორისტები. ბელგიის პროკურორების თქმით, ფოტოზე გამოსახული სამი მამაკაციდან, მარცხნიდან ორმა თავი აიფეთქა, ხოლო მესამემ კი გაქცევა მოახერხა. მას ამ დრომდე ეძებენ.
ბელგიის პოლიციამ მეტროსა და აეროპორტში მყოფ მგზავრებს მიმართა, რომ თუ მათ აფეთქებამდე გადაღებული ტერორისტების რაიმე სახის ფოტო მოეპოვებათ, გაუგზავნონ მათ, რათა დადგინდეს ვინაობა.
ISIS-მა ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტი თავის თავზე აიღო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელის აეროპორტში ორი ბომბი 08:00 საათზე აფეთქდა. 11 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა აეროპორტში – ამის შესახებ ბელგიური ჯანდაცვის წარმომადგენლები ოფიციალურად აცხადებენ. კიდევ ერთი ბომბი მაელბიკის მეტროსადგურთან, დაახლოებით 09:11 საათზე აფეთქდა, რომელიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. როგორც მეტროს ოპერატორები აცხადებენ, აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 55 – დაშავდა. სამივე აფეთქება შეფასებულია, როგორც „ტერორისტური აქტი“. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში კალაშნიკოვის ავტომატი იპოვეს, აღნიშნული იარაღი თავისი გამორჩეული დიზაინითაა ცნობილი, ის გამოყენებული იყო პარიზის თავდასხმების დროს.