საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ.
მოსმენა დეპუტატებს შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მგალობლიშვილმა ენმ-ს დეპუტატს, თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ენმ-ს წევრები ამას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები „რუსული ოცნების“ კაცი დეპუტატების მხრიდან ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ. ქალი ოპოზიციური დეპუტატები რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის, მუდმივად ხდებიან ამორალური, უხამსი თავდასხმების სამიზნე „რუსული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან. დღეს, ამგვარ თავდამსხმელად მოგვევლინა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლევან მგალობლიშვილი, რომლის მხრიდანაც არასდროს გაგვიგია არცერთი პოზიცია საპარლამენტო დებატებისას საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ დღეს გავიგეთ, რომ ამ ადამიანს ძალიან კარგად სცოდნია უხამსი, ამორალური, პერსონალური თავდასხმის, გინების გამოყენება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ამ დეპუტატს შესაბამისი შემოწმება, რომ დადასტურდეს, რომ ის არღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს და საქართველოს კანონმდებლობას და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში პლენარულ სხდომაზე, სადაც იყენებს უხამს გამონათქვამებს დეპუტატების წინააღმდეგ და დადგეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ მოთხოვნით მივმართავთ პირადად გია ვოლსკის, რომელიც დღეს არის თავმჯდომარის როლში პარლამენტის სხდომაზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
დეპუტატმა ანი წითლიძემ, რომელსაც მგალობლიშვილმა მიკროფონი მოუქნია თქვა, რომ ამით ის საკუთარ სისუსტეს აჩვენებს.
“ერთადერთი რაც უნდა გააკეთოს ახლა ბატონმა ვოლსკიმ, ეს არის ის, რომ დაუწესოს სანქცია ბატონ მგალობლიშვილს რაც მან ახლა იკადრა დარბაზში და ასევე, ჩვენ ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეამოწმონ ეს ადამიანი ალკოჰოლურ ტესტზე, რადგან ეს ადამიანი არ იყო ფხიზელი”, – თქვა მან.