ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქართული პოლიცია მობილიზებულია: შსს ხალხმრავალ ადგილებს მკაცრად აკონტროლებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბელგის დედაქალქში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად გააკონტროლებს მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ადგილებს, მოვლენათა შესაძლო ექსტრემალური განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

მანამდე უწყებაში განაცხადეს, რომ სამინისტრომ  უსაფრთხოების ზომები ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე გაამკაცრა.

„შსს-ს საპატრულო პოლიცია როგორც ქვეყნის პერიმეტრზე მდებარე, ისე მის მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე გამოიყენებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფრო მაღალი დონის ზომებს.

არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები. პირად შემადგენლობას ჩაუტარდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი.

განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად გააკონტროლებს მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ადგილებს, მოვლენათა შესაძლო ექსტრემალური განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

საკონტროლო-გამტარი პუნქტების მუშაობა აეროპორტებში, სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე არსებული ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების სრული და ეფექტური გამოყენებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია. შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მაქსიმალურად აკონტროლებს სახელმწიფო საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც აგრძელებს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას, რომ დაიცვას ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება“- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელის აეროპორტში ორი ბომბი დღეს დილით, 08:00 საათზე აფეთქდა. 11 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა აეროპორტში – ამის შესახებ ბელგიური ჯანდაცვის წარმომადგენლები ოფიციალურად აცხადებენ. კიდევ ერთი ბომბი მაელბიკის მეტროსადგურთან, დაახლოებით 09:11 საათზე აფეთქდა, რომელიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. როგორც მეტროს ოპერატორები აცხადებენ, აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 55  – დაშავდა. სამივე აფეთქება შეფასებულია, როგორც „ტერორისტური აქტი“. ბელგიის ანტი-ტერორისტული პოლიცია ბრიუსელში სახლების ჩხრეკას აწარმოებს, ამის შესახებ ბელგიური სახელმწიფო მაუწყებელი RTBF იტყობინება. ცოტა ხნის წინ, კი ამავე მაუწყებელმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში კალაშნიკოვის ავტომატი იპოვეს. როგორც ის იუწყება, აღნიშნული იარაღი თავისი გამორჩეული დიზაინითაა ცნობილი, ის გამოყენებული იყო პარიზის თავდასხმების დროს.

იტვირთბა....