პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ევროკომისიის დასკვნაში თვალსაჩინოდ წერია, რომ ევროკომისიამ გადაწყვეტილება ქვეყნის პროგრესის გათვალისწინებით მიიღო, რომ საქართველოსთვის რეკომენდაცია გაეწია. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც ძველი რეკომენდაციებიდან გადმოყვა, თუმცა უკვე ახალ რეალობაში ვცხოვრობთ, რადგან 12 რეკომენდაცია აღარ არსებობს და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად არის ახალი რეკომენდაციები. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რაც უფრო შორს წავალთ, ახალ-ახალი რეკომენდაციები და მეტი სექტორული საშინაო დავალება გაჩნდება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ვინ შეასრულებს? – რა თქმა უნდა, მთავრობა და ხელისუფლება.
კარგი იქნება, თუ ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულებაში ჩაერთვება, ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი მაინც და მაინც აღფრთოვანებული და მოწადინებული არ არიან, ამაში დაგვეხმარონ. ამ ყველაფერს ბრჭყალებში ვამბობ – ქვეყანას მივაქანებდით რუსეთისკენ და უცებ, კანდიდატის სტატუსით აღმოვჩნდით ევროკავშირში, ასეთი ჯადოქრები ვართ, ყველაფერს გატყუებთ, თვალს გიხვევთ, გვინდა, შეცდომაში შეგიყვანოთ, გაჩვენებთ, რომ რუსეთისკენ მივდივართ და უცებ ევროკავშირში აღმოვჩნდებით. დღეს საქართველოს ასეთი სასწაულმოქმედი ხელისუფლება ჰყავს. თუ ეს ყველაფერი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობამდე მიგვიყვანს, ამ ჯადოქრობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.