ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია.
„მეტრონომი“ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთ ლიდერს, ცოტნე კობერიძეს ესაუბრა თემაზე – რა გავლენა შეიძლება იქონიოს გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ევროკომისიის გუშინდელმა რეკომენდაციამ; შესაძლოა, ხალხმა წარმოიდგინოს, რომ ევროინტეგრაცია ბიძინასთან ერთად შესაძლებელია და, ამდენად, გაძლიერდეს „ქართული ოცნების“ პოზიციები?
[su_quote] ცხადია, შესაძლებელი ყველაფერია, მაგრამ იმის შიშით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეიძლება თავისი პროპაგანდისთვის გამოიყენოს, ოპოზიცია კანდიდატის სტატუსზე ენის მოჩლექით არ უნდა ლაპარაკობდეს. არ ვეთანხმები ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც ამბობს, რომ სტატუსი არ გვჭირდებოდა ან „ოცნების“ დამარცხების მერე მოეცათ. ამ ლოგიკით, სავიზო ლიბერალიზაციაც არ უნდა მინდოდეს ქოცებთან ერთად, რადგან ისინი ამას პროპაგანდისთვის იყენებენ.
თუკი მართლა პოლიტიკოსი ხარ, როგორც უნდა მოახერხოს ამ ხელისუფლებამ, რომ შენზე უკეთ გამოიყენოს სტატუსის ფაქტორი მაშინ, როცა ოპოზიციური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მკაფიოდ პროდასავლურადაა განწყობილი.
ჩემი აზრით, ეს, უპირველესად, უნდა დავინახოთ, როგორც პასუხისმგებლობა, რომ სტატუსი ჩვენ, ხალხმა, მოვიპოვეთ, ამაზე დიდი გავლენა ჰქონდა მარტის აქციებს, ამაში ეჭვი არ ეპარება არცერთ დასავლელ პარტნიორს და ახლა ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი.
ამასთან, დასავლეთის ცართულობა არჩევნებში გაცილებით უფრო მკაფიო იქნება, გაცილებით დიდი სადამკვირვებლო მისია ჩამოვა. იმედდაკარგულ ამომრჩევლებს ესეც უნდა ვუთხრათ, რომ არჩევნები არის ხელისუფლების დამარცხების ბერკეტი, თუკი დასავლეთი (დაკვირვების მხრივ) აქტიური იქნება და ოპოზიციაც კარგად მოემზადება
ამდენად, მე მგონია, რომ სტატუსის საკითხი პოლიტიკურად ჩვენ უფრო უნდა გამოვიყენოთ.
ამასთან, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ სტატუსი „ოცნების“ დამარცხების მერე უნდა მოეცათ, გარანტიას გვაძლევს, რომ შესაძლებლობის ეს ფანჯარა მაშინ ღია იქნება? იღებენ ამის პასუხისმგებლობას? ამის გარანტია ხომ არ არსებობს.
რაც შეეხება დათქმას ევროკავშირის საწინააღმდეგოდ დეზონფორმაციის შეწყვეტის შესახებ, მაშინ, როცა EU-მ სტატუსი არ მოგვცა, „ოცნებამ“ დასავლეთს პროპაგანდისტული ბრძოლა დაუწყო. ახლა კი არ გამოვრიცხავ, რომ პირველ ხანებში ანტიდასავლური პროპაგანდა შეამცირონ, რადგან შეიძლება ჩათვალონ, რომ თუკი დასავლეთი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გვაძლევს სტატუსს, ეს ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებად აღიქვან.
ამდენად, შესაძლოა, არჩევნებზე მათ დაიწყონ თავის, როგორც პროდასავლურ ძალად, წარმოჩენა. ამას, შესაძლოა, მინისტრების გადახალისება მოჰყვეს. ასევე მაგალითად, ყაველაშვილის მსგავსი პერსონაჟებიც მიჩქმალონ.
ანუ მთავარია, „ოცნებამ“, ძალაუფლება შეინარჩუნას და თუ დასჭირდა, წყალწაღებული პრორუსი იქნება და თუ დასჭირდა, ევროკავშირის გულშემატკივარი. [/su_quote]
– განაცხადა ცოტნე კობერიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.