„შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა – ტერორისტულ აქტებს ისევ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
„სიცოცხლის მოსპობის გარდა, ეს არის თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობა, ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა აღუდგეს წინ და საკადრისი პასუხი გასცეს. ამ ბრძოლაში საქართველო მსოფლიოს გვერდშია. ვუსამძიმრებ ბელგიის მთავრობას და ხალხს და ამ მძიმე წუთებში სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებ“ – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
აღნიშნულ ფაქტზე აღშფოთება პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმაც გამოხატა.
„უკიდურესად აღშფოთებული ვარ ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტით. ქართველი ხალხის სახელით ვუცხადებ მტკიცე თანადგომას ბელგიის მთავრობასა და ხალხს. ყველა ქვეყანამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნებისა და კაცობრიობის მშვიდობიანი მომავალი“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. არიან დაჭრილებიც და გარდაცვლილებიც, თუმცა, მათი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. აეროპორტში გაუქმებულია ყველა რეისი და შენობიდან ევაკუირებული არიან ადამიანები. რამდენიმე ხნის შემდეგ აფეთქება მოხდა ბრიუსელის მეტროსადგურ „მაელბიკშიც“, აქაც ჯერჯერობით უცნობია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ.