ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მყოფი საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან – ამის შესახებ ჟურნალისტებს „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.
“პარლამენტის წევრები იმყოფებიან ბრიუსელში, ჩემი აპარატიდანაც არიან წასულები. მათ არანაირი საფრთხე არ ექმურებათ, მაგრამ ისინი ძალიან ახლოს იმყოფებიან იმ ადგილთან, სადაც მეტროში აფეთქება მოხდა. ჩვენი წარმომადგენლები არ დაშავებულან და არც რაიმე ინციდეტთან ჰქონიათ კავშირი,” – განაცხადა ბერძენიშვილმა.
დეპუტატები: ვიქტორ დოლიძე, ფრიდონ საყვარელიძე, გია ჟორჟოლიანი, გიორგი ჟვანია, ანი მიროტაძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიორგი კანდელაკი, თინათინ ბოკუჩავა ახლოს არიან იმ მეტროსთან, სადაც აფეთქება მოხდა. ისინი საქართველოში ხვალ უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ლოგიკური მიზეზების გამო, სამშობლოში მათი ხვალ დაბრუნება ვერ მოხერხდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. არიან დაჭრილებიც და გარდაცვლილებიც, თუმცა, მათი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. აეროპორტში გაუქმებულია ყველა რეისი და შენობიდან ევაკუირებული არიან ადამიანები. რამდენიმე ხნის შემდეგ აფეთქება მოხდა ბრიუსელის მეტროსადგურ „მაელბიკშიც“, იქაც ჯერჯერობით უცნობია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ.