ახალი ამბები მთავარი სამართალი

შოთაძე აცხადებს, რომ ფარული ვიდეოების საქმის გამოძიებაზე სიახლეებია

„რა თქმა უნდა, სიახლეები არის, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ სიახლეებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ შესაბამის ეტაპზე საზოგადოებას გამოძიების მსვლელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით”, – ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე გააკეთა.

როგორც ის ამბობს, პროკურატურა შსს-სა და სუს-თან ერთად ინტენსიულ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს იმისთვის, რათა იმ პირების ვინაობა დადგინდეს, რომლებმაც ინტერნეტსივრცეში ვიდეოების ატვირთვა მოახერხეს.

“სხვა ქვეყნები ჩართულები არიან, რადგან ამ ვიდეოფაილების ატვირთვა უცხოურ ინტერნეტგვერდებზე განხორციელდა. შესაბამისად, მათი ჩართულობის გარეშე საგამოძიებო მოქმედებებს ვერ ჩავატარებდით. არაერთი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობაა გაგზავნილი სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებში და, რა თქმა უნდა, მათი დახმარების დიდი იმედი გვაქვს”, – განაცხადა შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი ორ პოლიტიკოსს გამოუქვეყნეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, 5 პირი უკვე დაკავებულია, თუმცა ვრცელდება მუქარის წერილები სხვადასხვა ტელეკომპანიების მიმართ, რომლის ჟურნალისტებსაც ფარული კადრების გავრცელებით ემუქრებიან. ისინი პოლიტიკოსებს გადადგომის მოთხოვნით მიმართავენ და ვადას 31 მარტამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კადრების გავრცელებით იმუქრებიან.

იტვირთბა....