რუსეთში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კალინინგრადელ ბიზნესმენს, ანდრეი გალჩევსკის, რომელსაც ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი უკრაინის შეიარაღებული ძალების უცხოურ ლეგიონში გაწევრიანების მცდელობის გამო.
რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, გალჩევსკი, რომელიც რუსეთის და ისრაელის მოქალაქეა, დამნაშავედ ცნო დასავლეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ. მისი გადაწყვეტილებით, ანდრეი გალჩევსკიმ სასჯელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს.
60 წლის ანდრეი გალჩევსკი, რომელიც კალინინგრადის ერთ-ერთი კერძო კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო, 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს. გამოძიების თანახმად, გალჩევსკიმ უკრაინის არმიის უცხოურ ლეგიონში გასაწევრიანებლად განაცხადები ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა უკრაინის საელჩოებს ისრაელსა და პოლონეთში.