ხანდახან ვხუმრობთ, ჯერ სტატუსი მივიღოთ და „ჰოპლა“ თუ გნებავთ ხაბეიშვილს ან ვაშაძეს დავაძახებინოთ – ამის შესახებ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“დიდია იმისი მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. უკვე წავიდა ოპოზიციის რიგებში იმაზე საუბარი თუ ვინ დაიმსახურა, ვის მიეწეროს და ვინ თქვას „ჩვენ რომ არა, ეს ასე არ იქნებოდაო“, ოღონდ ხელისუფლებას ჩამოაშორონ ეს ყველაფერი. ხანდახან ვხუმრობთ კიდეც, რომ მოდი, ჯერ სტატუსი მივიღოთ და „ჰოპლა“ მერე თუ გნებავთ ხაბეიშვილს ან ვაშაძეს დავაძახებინოთ. ეგენი მართალია ხტომაში მაინც და მაინც მაგრები არ არიან, მაგრამ „ჰოპლას“ ძახებაში და ასეთ პათოსში გამოირჩევიან.
ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. მთავარია სტატუსი მივიღოთ. მთავარია გაბედონ პრეზიდენტიდან დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი ოპოზიციონერით, პრეზიდენტიც ხომ ჩაეწერა ოპოზიციურ რიგებში, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“, და თქვან, რომ საქართველო დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს სტატუსი უნდა მიიღოს ქვეყანამ, რაც იქნება ყველაზე სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდებით დეკემბერში“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.