ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ხიდაშელის საქმეც დახურეს: უნდა დადგეს თუ არა შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხი?

რამდენიმე ხნის წინ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე დააანონსა, რომ დანაშაულის ნიშნები ვერ იპოვა და საქმე დახურა. საქმე ეხება თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, რომელშიც მესარჩელე ირმა ინაშვილი მინისტრს საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა.

აღსანიშნავია, რომ საგარეჯოს არჩევნების პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელდა ხიდაშელის ფოტო, რომელიც “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში ზის და ეხმარება საგარეჯოს რაიონის მაშინდელ მაჟორიტარობის კანდიდატს  თამარ ხიდაშელს, რომელმაც საბოლოოდ, გაიმარჯვა კიდეც შუალედურ არჩევნებში.

ინაშვილის თქმით, მინისტრი ხიდაშელი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო საქმეში, საერთოდ არც კი დაკითხულა ისე მოხდა საქმის დახურვა.

შეგახსენებთ, საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში ძირითადი კონკურენტები თამარ ხიდაშელი და ირმა ინაშვილი იყვნენ. არჩევნების შემდეგ, ირმა ინაშვილმა შიმშილობაც დაიწყო და ამტკიცებდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის უშუალო დახმარებით და ჩარევით არჩევნები გააყალბა.

აქვე “მეტრონომის” მკითხველს შევახსენებთ, რომ პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ ასევე დააანონსა კიდევ ერთი საქმის დახურვის შესახებ, რომელშიც ასევე  “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია იყვნენ “ბრალდებულები”. საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალეკო ელისაშვილი მათ ქრთამის აღებაში ადანაშაულებდა, რომელიც პოლიტპატიმრების სიების დაკომპლექტებას ეხებოდა.

საზოგადოებაში ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, უდის თუ არა პოლიტიკური სუნი პროკურატურის მიერ ბოლო დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან არსებობს გონივრული ეჭვი, პროკურატურის ობიექტურობა-არაობიექტურობასთან და ზოგადად, მიკერძოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით.

“მეტრონომი” მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ ამ თემაზე ვრცელ მასალას, რომელშიც ხაზგასმით იქნება დაფიქსირებული მთავარი კითხვა და ამ კითხვაზე საზოგადოების სხვადასახვა წარმომადგენლის პასუხები – უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში პროკურატურის კომპეტენტურობის და მისი მთავარი ფუგურის, შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხი…

იტვირთბა....